საფრანგეთის მთავრობამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს თანამშრომელთა დასაცავად განსაკუთრებული ზომა მიიღო
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალ Charlie Hebdo-სa და ასევე იმ გამოცემის ჟურნალისტებს დაიცავს, რომლებსაც ემუქრებიან. განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა გააკეთა.
პარალელურად, ქვეყნის პროკურატურამ ჟურნალ CharlieHebdo-ს რედაქციის მისამართით მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც გამოცემის რედაქტორმა, ლორან სურისომ რადიოსადგურ Europe1-ის ეთერში განაცხადა, ჟურნალის ბოლო ნომრის გამოშვების შემდეგ, რედაქციის თანამშრომლებს მოკვლით ემუქრებიან.
Charlie Hebdo-ს ბოლო ნომრის გარეკანზე ნაჩვენებია შვეიცარიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, მწერლისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ტარიკ რამადანის კარიკატურა. ტარიკ რამადანს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად პროფესორი ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიად აფასებს.
როგორც Charlie Hebdo-ს რედაქტორმა აღნიშნა, გამოცემას მუდმივად ემუქრებიან, თუმცა ამჟამად ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარების რაოდენობამ კრიტიკულ დონეს მიაღწია.
2015 წლის იანვარში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ტერორისტებმა 12 ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ჟურნალის კარიკატურისტები.
ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელები მოკლა. თავდასხმა ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებაზე შურისძიება იყო.