საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადის გაზრდაზე უარი თქვა
საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადის გაზრდაზე უარი თქვა

საფრანგეთის მთავრობამ საწვავზე გადასახადის გაზრდაზე უარი თქვა. როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა, ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის და ამიტომ, საწვავზე გადასახადის გაზრდის ინიციატივა საბიუჯეტო კანონიდან საერთოდ ამოღებულია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის მთავრობა საწვავზე გადასახადის გაზრდაზე ექვსთვიანი მორატორიუმის დაწესებას აპირებდა. თუმცა საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს მათ არ აკმაყოფილებთ.

საწვავზე გადასახადების გაზრდას ემანუელ მაკრონის მთავრობა 2019 წლიდან გეგმავდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს აუცილებელია, რათა მოქალაქეები განახლებად და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მოხმარებაზე გადავიდნენ. ამ ინიციატივას საფრანგეთში მრავალრიცხოვანი აქციები მოჰყვა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, მთავრობა იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო.