პარიზის პროკურატურამ Charlie Hebdo-ს რედაქციის მისამართით მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო
პარიზის პროკურატურამ Charlie Hebdo-ს რედაქციის მისამართით მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ ფრანგული ყოველკვირეული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციის მისამართით მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც გამოცემის რედაქტორმა, ლორან სურისომ რადიოსადგურ Europe1-ის ეთერში განაცხადა, ჟურნალის ბოლო ნომრის გამოშვების შემდეგ, რედაქციის თანამშრომლებს მოკვლით ემუქრებიან.

Charlie Hebdo-ს ბოლო ნომრის გარეკანზე ნაჩვენებია შვეიცარიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, მწერლისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ტარიკ რამადანის კარიკატურა. ტარიკ რამადანს ორი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად პროფესორი ბრალდებებს უარყოფს და მათ მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიად აფასებს.

როგორც Charlie Hebdo-ს რედაქტორმა აღნიშნა, გამოცემას მუდმივად ემუქრებიან, თუმცა ამჟამად ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მუქარების რაოდენობამ კრიტიკულ დონეს მიაღწია.

„რთული დასადგენია, არის თუ არა ეს მუქარები სერიოზული, თუმცა ჩვენ მათდამი სერიოზული დამოკიდებულება გაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ პოლიციას მივმართოთ“, – განაცხადა კარიკატურისტმა ლორენ სურისომ.

2015 წლის იანვარში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ტერორისტებმა 12 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ჟურნალის კარიკატურისტები. ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელები მოკლა. თავდასხმა ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებაზე შურისძიება იყო.