საფლავის ქვები მიუთითებს, რომ ვიკინგების ყველაზე ძლევამოსილი მეფე ქალი უნდა ყოფილიყო — #1tvმეცნიერება
ჰარალდ ლურჯკბილა ყველაზე ცნობილია ვიკინგების წინამძღოლებს შორის. ცნობილია, რომ საკუთარი ზეობისას, 958 წლიდან 985 წლამდე, მან დანიის ხალხები გააერთიანა.
როგორც ირკვევა, მას წინ უძღოდა კიდევ ერთი გამორჩეული მონარქი, რომელიც ვიკინგების რუნულ წარწერებიან ქვებზე უფრო ხშირად არის მოხსენიებული, ვიდრე თავად ლურჯკბილა: დედამისი, სახელად თირა.
დანიის ჩვენთვის ცნობილი პირველი დედოფლისადმი მიძღვნილი რუნული ქვების ორი ჯგუფის ანალიზები მიუთითებს იმის შესაძლებლობაზე, რომ ოდესღაც თირა შეიძლება იმაზე უფრო სათაყვანებელი იყო, ვიდრე ლურჯკბილა ან თავის ქმარი, გორმ მოხუცი, რომლის სახელიც მხოლოდ ერთ ქვაზეა შემორჩენილი.
იმ დროის სწავლულთა თანახმად, თირას მმართველობისას განივრცო დანევირკეს საფორტიფიკაციო ნაგებობები, რამაც წარმატებით შეაკავა გერმანელთა შემოჭრა.
ამას გარდა, მისი ისტორია ცოტა არ იყოს, იდუმალებით არის მოცული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები, საიდან მოვიდნენ ან რანაირად იყო ის დედოფალი.
ისტორიულად, მისი როლი ვიკინგების ისტორიაში, გარკვეულწილად უარყოფილი იყო.
თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი ახლა ფიქრობს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს.
„თირას მოხსენიება სულ მცირე ოთხ რუნულ ქვაზე, უპრეცედენტოა ვიკინგების ხანის დანიისთვის. ამჟამინდელი ანალიზებისა და რუნული ქვების გეოგრაფიული გადანაწილების კომბინაცია მიუთითებს, რომ თირა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, ანდაც მთავარი საკვანძო პირი დანიის სამეფოს შექმნაში, რაშიც ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა“, — წერენ დანიის ეროვნული მუზეუმისა და შვედეთის ეროვნული მემკვიდრეობის საბჭოს მკვლევრები.
მემორიალური ქვების ერთ ჯგუფზე, რომელიც ვიკინგების მონარქიის სამეფო ქალაქ იელინგში გვხვდება, თირა მოხსენიებულია, როგორც „დანიის ძალა/ხსნა“.
ამას გარდა, იელინგის სიახლოვეს არსებული მემორიალური ქვების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც რავნუნგ-ტუეს ქვებს უწოდებენ, „ქალბატონის“ ან „დედოფლის“ შესატყვისი სიტყვით იხსენიებს პირს, სახელად თირას.
მკვლევართა ვარაუდით, სხვადასხვა ქვებზე მოხსენიებული ეს თირა ერთი და იგივე პიროვნებაა. უკვე აღმოაჩინეს ქვების ორივე ჯგუფის დამაკავშირებელი „ძაფიც“.
3D სკანირებები ქვების წარწერების დეტალური ანალიზი მიუთითებს, რომ თითოეულ ამ ადგილას თითო ქვა გამოთლილია იმ დროის სახელგანთქმული გრავიორის, რავნუნგ-ტუეს მიერ.
დანიური ტრადიციის მიხედვით, რუნულ ქვებს კაშკაშა ფერებში ღებავდნენ და ცენტრალურ ადგილებში აღმართავდნენ, მაგალითად, საფლავის ბორცვებზე, გზაჯვარედინებზე ან გემების მსგავს სამარხებზე.
როგორც წესი, ინდივიდის აღსანიშნად მხოლოდ ერთი რუნული ქვა იდგმებოდა და უფრო ხშირად, ეს პიროვნება მამაკაცი იყო.
ამ დრომდე, ქალებისადმი მიძღვნილი მხოლოდ ათამდე რუნული ქვაა აღმოჩენილი, რომელთაგან ოთხი თირას ეძღვნება.
„თუ ვთანხმდებით, რომ რუნული ქვები სტატუსის, შტოსა და ძალაუფლების გამოვლინება იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თირა მართლაც სამეფო, იუტლანდიური წარმოშობის იყო. ასეთი პატივი მიანიშნებს ძლევამოსილ ქალზე, რომელსაც გააჩნდა სტატუსი, მიწა და ავტორიტეტი“, — წერენ ავტორები და იუტლანდიაში გულისხმობენ დანიის შემადგენლობაში მყოფ ნახევარკუნძულს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.
შედეგები ასევე მიუთითებს, რომ საჭიროა, მკვლევრებმა ხელახლა შეისწავლონ ცარიელი სამარხი ადგილი, რომელიც თირას იელინგის რუნული ქვების ახლოს მდებარეობს. მიჩნეულია, რომ ამ ადგილას ერთ დროს გორმ მოხუცი იყო დაკრძალული, მაგრამ შესაძლებელია, სინამდვილეში იქ სწორედ დანიის პირველი ქალი მმართველი განისვენებდა.
ბოლო წლებში, არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ქალი ვიკინგი მებრძოლები კაცების მხარდამხარ იბრძოდნენ. ახლა კი ჩნდება ვარაუდი, რომ მათ ქალი მმართველიც კი ყავდათ.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.