საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს მოისმენს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის ანგარიშს მოისმენენ.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან კითხვები საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით ექნება. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ის ასევე დაინტერესდება ერთდღიანი საკრედიტო აუქციონების თემით.
„დღეს ჩვენ ვიხილავთ ეროვნული ბანკის პირველ ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ. პრაქტიკულად ეს არის წლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეროვნული ბანკისთვის. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი მოხსენება იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიმოიხილავს ეკონომიკურ მდგომარეობას სექტორში. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა კომერციულ საბანკო სექტორში საბანკო ზედამხედველობის, ფინანსური მდგრადობის საკითხები. გვაქვს კითხვები საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით, ფინანსური მდგრადობის საკითხებზე, ასევე მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით. იქნება კითხვები ერთდღიან საკრედიტო აუქციონებთან, ასევე სადეპოზიტო აუქციონებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კითხვები იქნება როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ველოდებით ადეკვატურ პასუხებს ეროვნული ბანკის მენეჯმენტისგან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, ბატონი კობა გვენეტაძისგან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის მუშაობას უარყოფითად აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კობა გვენეტაძეს კითხვებს დაუსვამენ, სესხების გაცემის გართულებას ეხება.