საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გიორგი ვაშაძის ინიციატივას, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, მხარი არ დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გიორგი ვაშაძის ინიციატივას, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტართა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ გააცნო. მისი განმარტებით, კანონპროექტი პენსიის გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას, საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების არარსებობას და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ავტომატურ კლებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ინიციატივა არის ერთი მუხლის ცვლილება კანონში, რომ პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და სახელმწიფომ ის არ დაავალდებულოს საპენსიო სესხი აიღოს ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პროექტით შეთავაზებულ ცვლილებებზე პოზიციები და შესაბამისი განმარტებები გააკეთეს ჯანმრთელობის დაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან საპენსიო თემაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში წარმოდგენილია ყველა სააგენტო, ეროვნული ბანკი, ფინანსთა, ჯანდაცვის სამინისტროები, სადაც ვფიქრობ, მოხდება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება როგორც საპროცენტო განაკვეთთან, ასევე ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ ამ საკითხს წერტილი დაესმება. ეს არის მტკივნეული საკითხი, რომელსაც უნდა კომპლექსური მოგვარება“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

დატოვე კომენტარი