ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სსფ-ის მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა, სწორედ მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი.

„ეკონომიკური რეფორმები ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი, ასევე, შეეხო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებს და აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება საგარეო რისკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ზრდამ განაპირობა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, კიდევ ერთი თემა, რომელზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ვალი არის დაბალი რისკის მქონე.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. მაჭავარიანი კომიტეტზე საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. საკომიტეტო მოსმენა კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და  შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებთან დაკავშირებით იმართება.