საერთო სასამართლოების წინადადებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრზე უნდა გავრცელდეს
საერთო სასამართლოების წინადადებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრზე უნდა გავრცელდეს.
შესაბამისი წინადადება სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წარადგინეს. ამ ინიციატივის ერთი ნაწილი ეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას საბჭოს წევრებზე.
წინადადების ამ ნაწილში წერია, რომ „ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უფლებრივად აბსოლუტურად თანასწორნი არიან, აუცილებელია, მათ დაეკისროთ თანაბარი ვალდებულებებიც: უნდა დაწესდეს ერთიანი დეონტოლოგიური ვალდებულებები, რომელთა დარღვევა მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და საბჭოს წევრს შეეფარდება დისციპლინური სახდელი, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებაც დარღვევის სიმძიმის და ხასიათის გათვალისწინებით.
აღნიშნული დეონტოლოგიური ვალდებულებები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ საბჭოს წევრმა იზრუნოს სასამართლოსა და საბჭოს როგორც ინსტიტუტების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის დაცვაზე, სასამართლოსა და საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება-განმტკიცებაზე, იმავდროულად, საბჭოს წევრებს შეეზღუდებათ აშკარა უხამსობისა და ცილისწამების ტირაჟირების შესაძლებლობა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ წარდგენილ წინადადებაში.
სასამართლოების მიერ წარდგენილი აღნიშნული წინადადება მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არის მწვავე დისკუსია და საბჭოს მოსამართლე წევრებმა არაერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი მხარს დაუჭერენ, თუ საბჭოს არამოსამართლე წევრების მიმართაც იქნება ერთგვარი დისციპლინური პროცედურები შემოღებული.
მოსამართლეებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები, რომ დაიცვან ეთიკის სტანდარტები და სხვა დისციპლინური პროცესი ვრცელდება მათ წინააღმდეგაც, თუკი ასეთი საფუძვლები არსებობს, მაგრამ არამოსამართლე წევრების მიმართ ასეთი რეგულაციები არ არსებობს.
არამოსამართლე წევრის ინსტიტუტი, როდესაც 2013 წელს შემოვიდა, მიზნად ისახავდა საბჭოს დეპოლიტიზაციას და უფრო მეტად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. მაშინ როდესაც ჩვენ ღიად ვაკრიტიკებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, სააშკარაოზე გამოგვაქვს მათ მიერ წამოყენებული ისეთი წინადადებები, რომლებიც ზიანის მომტანი და მათი სუბიექტური ინტერესების გამტარებელია, დღეს ვნახეთ, რომ წარმოადგინეს პროექტი, წინადადება, რომლიც საბჭოს სხდომაზე არ განხილულა, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, ანუ აქ პირდაპირ იგულისხმება არამოსამართლე წევრები, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ შორის გახდეს გათავისუფლების საფუძველიც, თუკი მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი.
აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი მე არჩეული ვარ პარლამენტის ან სხვა წევრი არჩეულია პრეზიდენტის მიერ, ის გათავისუფლდეს სადისციპლინო კოლეგიის ან პალატის მიერ და არა იმავე დამნიშნავი ორგანოს მიერ. ეს, რა თქმა უნდა, დრაკონული კანონია, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი და პრობლემები, როცა საჯაროდ გამოგვაქვს ყველა ის ინფორმაცია იმის შესახებ, რაც საბჭოში ხდება. ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.