„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტში მესამე მოსმენით განიხილავენ
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტში მესამე მოსმენით განიხილავენ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ.

ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის პროცესში შედის დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმები. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებულნი იქნებიან, დაასაბუთონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ასევე მისი გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.

ცვლილებას კოსმეტიკურს უწოდებენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად არ უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. თინა ბოკუჩავას განმარტებით, აღნიშნულ ცვლილებებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არ ექნება.

„სასამართლოს რეფორმას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმირება, რასაც „ქართული ოცნება“ არ აკეთებს ბუნებრივია, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად. ეს ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური და ფასადური და არსებითად არაფერს ცვლის სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცვლილებებს აკრიტიკებენ და მხარს არ უჭერენ ფრაქცია „ევროპულ საქართველოშიც“. სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი წინადადებები არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ვერ უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამჭვირვალე გარემოში შერჩევას.

„ეს ცვლილებები, რომლებიც შეაქვს „ქართულ ოცნებას“ „სასამართლოების შესახებ კანონში“, არის პირდაპირ საწინააღმდეგო იმ რეკომენდაციებისა, რომლებსაც იძლევა ვენეციის კომისია. კერძოდ, ისევე არატრანსპარენტულად, ისევე არაგამჭვირვალედ შეეძლებათ, დანიშნონ მოსამართლეები და ამიტომ, როდესაც „ქართული ოცნება“ შეიცვლება და გადავა ოპოზიციაში, აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები სასამართლოს გათავისუფლების კუთხითაც“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია პოლიტიკური ქულების მისაღებად ხელისუფლების ყველა ინიციატივას აკრიტიკებს. აღნიშნული ცვლილებები კი, მისი შეფასებით, სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიის სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. დავით მათიკაშვილის განმარტებით, კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რომელსაც ევროპელი ექსპერტები შეაფასებენ.

„ნოვატორული ცვლილება შედის თვითონ არჩევის წესში. იუსტიციის საბჭოს წევრი ასაბუთებს ყველა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გასაჩივრება ხდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. ეს ცვლილებები შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კანონპროექტს მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზეც ეყრება კენჭი.