ანრი ოხანაშვილი - ნაზი ჯანეზაშვილი თუ ფიქრობს, რომ რაიმე ირღვევა კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, შემოგვთავაზოს კონკრეტული ვერსია საქმიანად და არა ემოციებით
ანრი ოხანაშვილი - ნაზი ჯანეზაშვილი თუ ფიქრობს, რომ რაიმე ირღვევა კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, შემოგვთავაზოს კონკრეტული ვერსია საქმიანად და არა ემოციებით

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მთელი რიგი საკითხების დაზუსტებას უზრუნველყოფს, კერძოდ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობის დადგენას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაგზავნეს და ელოდებიან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რათა პლენარულ სხდომაზე ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გავიდეს.

„კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ, რომ ყოველგვარი კითხვები გამოგვერიცხა, რათა პოზიცია არ ყოფილიყო, თითქოს, ვენეციის კომისიას სხვა პოზიცია ექნებოდა. ველოდებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომ პლენარულ სხდომაზე ცვლილებები გავიტანოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. იმედია, ამ დღეებში იქნება მათი რეკომენდაციები და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ პლენარულ სხდომაზე დადგენილი წესით.

მსჯელობაა იმაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თათბირის პროცედურა უნდა იყოს თუ არა საჯარო, ამ საკითხზე შემოთავაზებულია ვერსია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საბჭოს თითოეულ წევრს ეცოდინება თითოეულის მიერ დაწერილი ქულა და ეს არ იქნება საჯარო. რაც შეეხება დასაბუთებას, ეს საბჭოს ვებგვერდზე იქნება გამოქვეყნებული. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება კანდიდატი გაასაჩივრებს, საკვალიფიკაციო პალატას ინფორმაცია და წვდომა ექნება იმ პირების შესახებ, ვინ რა ქულა დაწერა. ეს არის ე.წ. ნაზავი ღია და ნახევრად დახურული გადაწყვეტილების მიღების, რომელიც ემსახურება მიზანს, რომ არ მოხდეს პოლიტიკური ზეგავლენის განხორციელება მისაღებ გადაწყვეტილებაზე. როცა საბჭო შეიკრიბება და იმსჯელებს, წევრები დაცლილი უნდა იყვნენ სუბიექტურობისგან, არ უნდა მოახდინოს ვინმე მათზე რაიმე სახის ზეგავლენა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშა, რომ „პარლამენტსა და ე.წ. კლანს ალიანსი აქვთ, მათ სურთ, დასაჯონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრი, რომელიც სასამართლოში პრობლემებზე ხმას იღებს“.

„რაც შეეხება ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, მას აქვს სამომავლო წუხილი, რომელსაც დღეს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადგან რა სახის შემადგენლობა იქნება განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტულად შემოთავაზებული არ არის, პროექტი არ არის დაინიცირებული. მას შევთავაზე კონკრეტული წინადადების წარმოდგენა. თუ ფიქრობს, რომ რაიმე ირღვევა კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, შემოგვთავაზოს კონკრეტული წინადადება და ვერსია საქმიანად და არა ემოციებით. თუ რაიმე ვერსიას წარმოადგენს, გავეცნობი, მაგრამ დავა იმაზე, რაც არ არის ინიცირებული და კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობა არ არის განსაზღვრული, ვფიქრობ, რომ უადგილოა“,- განაცხადა ანრი ოხანასვილმა.

დატოვე კომენტარი