ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტსა და ე.წ. კლანს ალიანსი აქვთ, მათ სურთ, დასაჯონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრი, რომელიც სასამართლოში პრობლემებზე ხმას იღებს
ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტსა და ე.წ. კლანს ალიანსი აქვთ, მათ სურთ, დასაჯონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრი, რომელიც სასამართლოში პრობლემებზე ხმას იღებს

ახალი ნორმა იწერება იმიტომ, რომ პარლამენტსა და ე.წ. კლანს ერთმანეთთან აქვთ ალიანსი, მათ სურთ, დასაჯონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრი, რომელიც სასამართლოში პრობლემებსა და გამოწვევებზე ხმას იღებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომლითაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საბჭოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სტანდარტის შემოტანის ინიციატორი დიმიტრი გვრიტიშვილია.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის იდეა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სტანდარტის შემოტანას გულისხმობს, სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, ანუ, მე. გვრიტიშვილის არგუმენტი იყო ეს სხდომაზე გაჟღერებული, ის არის ამ საკითხის ინიციატორი. როგორც ჩანს, მისმა იდეამ ასახვა ჰპოვა იმ კანონპროექტში, რომელზეც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იყო მსჯელობა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, როცა პარლამენტში მოვდივარ და კომიტეტის წევრები იმავე ენითა და არგუმენტებით მესაუბრებიან, როგორც საბჭოს მოსამართლე წევრები და ე.წ. კლანი. ამ პროექტით, რომელიც გულისხმობს საბჭოს წევრის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას, თუ ის გაასაჯაროვებს საზოგადოებისთვის მნიშვნელობის მქონე, საინტერესო ინფორმაციას და კენჭისყრის შედეგებს, რომელიც მოსამართლეების ნომინირებას უკავშირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია. სამართლებრივად გამართული ნორმა არ არის და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ნორმა იწერება იმიტომ, რომ პარლამენტსა და ე.წ. კლანსს ერთმანეთთან აქვთ ალიანსი, მათ სურთ, რომ დასაჯონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრი, რომელიც ხმას იღებს სასამართლოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. სწორედ ამიტომ მოხდა კოპირება იდეის, რომელიც „კლანის“ გონებაში გაჩნდა და პარლამენტმა გადაწყვიტა, ეს ცვლილებები ასე შემოეთავაზებინა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.