13 დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილეს
13 დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 13 დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილეს.

კანონპროექტი ერთ-ერთმა ავტორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ წარადგინა, რომლის განხილვასაც თავდაპირველად ათი დეპუტატი ესწრებოდა. ბესელიას თქმით, ინიციატორების ინტერესი იყო, რომ ეს კანონპროექტი უფრო ადრე განხილულიყო, ვიდრე უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კენჭისყრაზე მესამე მოსმენით დადგებოდა.

„სამწუხაროდ, მმართველი პარტია სასამართლოსთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს სერიოზულად არ ეკიდება. ცარიელი დარბაზი იყო. ის, რომ საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ ესწრებოდა, იმას აჩვენებს, რომ არაფერი აინტერესებთ გარდა დავალებისა, რომ მიმდინარე კვირაში ცუდი კანონპროექტი სწარაფად მიიღონ. ასეთი პროცესი რენტგენის სურათია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში და მმართველი პარტია იმ მოლოდინზე როგორ რეაგირებს, რაც შინ და გარეთ ყველას აქვს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ეს შემოდგომაც მალე დადგება“, – განაცხადა ბესელიამ.

კანონპროექტი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს. კერძოდ, კანონპროექტით ღია კონკურსი უნდა ჩატარდეს. კანონპროექტში გაწერილია სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები, ასევე ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები და პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.