საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესატაშემ მარკ ადამსმა გამოაცხადა, რომ ორგანიზაცია შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოში აპელაციას შეიტანს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც რუსი სპორტსმენები გაამართლეს.
“ჩვენ უკმაყოფილონი ვართ ვერდიქტით და სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მოტივაციით”, – მოჰყავს სააგენტო AP-ს ადამსის სიტყვები.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დენის ოსვალდისა და სამუელ შმიდის კომისიების გამოძიების საფუძველზე 42 სპორტსმენს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.
პირველ თებერვალს, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა 28 რუსის აპელაცია და დაადგინა, რომ მათი შედეგები 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე აღდგენილი უნდა იყოს, რადგან მათ ანტისადოპინგო წესები არ დაურღვევიათ .