რუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვეს - ნეიტრალური სტატუსით და ეროვნული სიმბოლიკის გარეშე #1TVSPORT
რუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე დაუშვეს - ნეიტრალური სტატუსით და ეროვნული სიმბოლიკის გარეშე #1TVSPORT

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

თამაშებში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ ნეიტრალურ სპორტსმენებს, რომლებმაც კვალიფიკაცია გაიარეს. ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე წერია, რომ ამ მომენტისთვის ოლიმპიადაზე კვალიფიცირება შეძლო 11 ასეთმა სპორტსმენმა (რვა რუსი და სამი ბელარუსი).

ნეიტრალურმა სპორტსმენებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან ხელი უნდა მოაწერონ მონაწილეობის განახლებულ პირობებს. მასში არის ვალდებულება, პატივი სცენ ოლიმპიურ ქარტიას, მათ შორის, „ოლიმპიური მოძრაობის სამშვიდობო მისიას“.

გუნდურ სახეობებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაშვებულნი არ იქნებიან. ასევე არ დაიშვებიან ოლიმპიადაზე ისინი, ვინც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში ან აქვთ კონტრაქტები შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებთან.

თითოეული ნეიტრალური სპორტსმენი უნდა შეესაბამებოდეს ანტისადოპინგო მოთხოვნებს.

ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება, აკრძალული იქნება რუსეთისა და ბელარუსის ნებისმიერი სიმბოლიკის, მათ შორის დროშისა და ჰიმნის დემონსტრირება.