საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიესალმება საქართველოს სურვილს, უმასპინძლოს 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ნავალ ელ მუტავაკელს შეხვდა.
როგორც ნავალ ელ მუტავაკელმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს წინადადება, რომ 2030 წლის პერსპექტივაში საქართველომ ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს.
“საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს სწორი დროა, რომ გამოთქვათ სურვილი და ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას. საქართველოში პირველად ვიმყოფები და მჯერა, კიდევ არაერთხელ გესტუმრებით მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებზე. მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ, კერძოდ კი თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს”, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ნავალ ელ მუტავაკელმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიზნებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, მიმდინარე წელს, მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფს გამოგზავნის.
მისივე თქმით, მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, ქალაქ ლოზანაში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისკენაც დიდი ძალისხმევაა მიმართული.
მისივე თქმით, ითქვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს ორი დღით სტუმრობს.
დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია წარმოადგინოს მაროკო, როგორც 2026 წლის ფიფა-ს მსოფლიო თასის მასპინძლობის პრეტენდენტი ქვეყანა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები სამირა სიტაილი და კამალ ლაჰლო ჰამიდი და მაროკოს სამეფოს საპატიო გენერალური კონსული საქართველოში მიხეილ ალხანიშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილისა და ნავალ ელ მუტავაკელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.