საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ზედაპირზე „გარე კოსმოსიდან მოსული“ ცოცხალი ბაქტერია იპოვეს
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა მეცნიერებმა, სადგურის გარე ზედაპირის წმენდისას, ცოცხალი ბაქტერია აღმოაჩინეს. ამის შესახებ, ცნობილი რუსი კოსმონავტი იუწყება.
ანტონ შკაპლეროვი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომავალ თვეში დაბრუნდება, ამბობს, რომ ბამბის ტილოებში, რომლებითაც სადგურის რუსული ნაწილის გარე მხარეს წმენდდნენ, გამოვლინდა სიცოცხლის დაუდგენელი ფორმა. მისი თქმით, მონაცემები სამეცნიერო ანალიზისთვის უკვე გამოგზავნილია დედამიწაზე.
„როგორც ირკვევა, ტილოებში აღმოჩენილი ბაქტერია გაშვებისას სადგურის მოდულს არ გაჰყოლია“, — უთხრა შკაპლეროვმა რუსულ სააგენტო TASS-ს.
„ისინი გარე კოსმოსიდანაა მოსული და სადგურის გარე ზედაპირზე დასახლებული. მათი შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს და როგორც ჩანს, არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს“.
შკაპლეროვის განცხადებით, ნიმუშები სადგურის გარეთ საქმიანობისას აიღეს, ექსტერიერის ჩაბნელებული ზონების კვლევისას, ასევე იმ ადგილებში, სადაც სადგურის ენერგიის ხარჯვისას საწვავის ნარჩენები აკუმულირდება.
აღმოჩენა განსაკუთრებით ამაღელვებელია იმ მხრივ, რომ ამ დროისთვის არ გვაქვს ახსნა, თუ საიდან მოხვდნენ იქ ეს ორგანიზმები ან რას წარმოადგენენ ისინი.
შკაპლეროვის გაურკვეველი კომენტარებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მედიასაშუალება უკვე სპეკულირებს, რომ შეიძლება ეს იყოს „არამიწიერი სიცოცხლის პირველი მტკიცებულება“.
მაგრამ სანამ ძალიან ავღელდებით, საჭიროა გავიხსენოთ გარკვეულწილად კარგი მიზეზები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ეს ბაქტერიები, სავარაუდოდ, სულაც არ არიან არამიწიერი სტუმრები.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსი“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე ნაწილებში მიკრობების აღმოჩენის შესახებ აცხადებს. თუმცა, წარსულში აღმოჩენილი ყველა მიკრობი ბოლოს დედამიწისეული წარმოშობის აღმოჩნდა.
წლის დასაწყისში, რუსმა კოსმონავტებმა წარმოადგინეს 2010-2016 წლებში მიმდინარე ვრცელი ექსპერიმენტის შედეგები, რომლის ფარგლებშიც, ხდებოდა სადგურის გარეთ მოთავსებული ტილოების ანალიზი.
ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე განსხვავებული მიკროორგანიზმი, მათ შორის გარკვეული სახის ზღვის ბაქტერიული პლანქტონი და ნიადაგის მიკრობი, რომელიც მადაგასკარზე გვხვდება.
საინტერესოა, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ ზღვისა და ხმელეთის ეს ბინადრები კოსმოსში და შემდეგ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მგზავრები გამხდარიყვნენ. რუს მკვლევართა აზრით, მათი მოგზაურობა შეიძლება განხორციელდა იონოსფერული ასვლის გზით, რომლის ფარგლებშიც, მაღლა ამავალ ჰაერის ნაკადებს მატერია დედამიწის ატმოსფეროს ზედა მისადგომებში გადააქვთ.
კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე ნაწილი გარკვეული გზით დაბინძურდა ადამიანების, აღჭურვილობის ან დედამიწიდან სადგურზე გაშვებული ხომალდების მიერ.
ეს კი სულაც არაა გასაკვირი, რადგან ითვლება, რომ წლების განმავლობაში იქ მცხოვრები სხვადასხვა ასტრონავტებისა და კოსმონავტების მიერ სადგური გაჯერებულია მიკრობებისა და ბაქტერიების კოლონიებით.
იმის გარკვევა, თუ როგორ ახერხებენ მსგავსი „უბილეთო მგზავრი“ ბაქტერიები კოსმოსში სიცოცხლეს, კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა — იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში აქტიურად იგეგმება ადამიანთა მოგზაურობა მზის სისტემაში. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი კი ისაა, რომ როგორც უკვე ვიცით, გარკვეული სახის საშიშ ბაღლინჯოებს მიკროგრავიტაციაში სიცოცხლე შეუძლიათ.
მანამ, სანამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აღმოჩენილი ახალი ბაქტერიის კვლევა დასრულდება, არ ვიცით, რა არის ის სინამდვილეში; ჯერ არ არსებობს არც ჰიპოთეზა, თუ საიდან შეიძლებოდა ის იქ მოხვედრილიყო.
მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის უკვე აქაა, დედამიწაზე და ანალიზებიც მიმდინარეობს, პასუხს ალბათ სულ მალე შევიტყობთ. თვალყური ადევნეთ.
მომზადებულია tass.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით