საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან მოსახსნელად და გასანადგურებლად, NASA-მ SpaceX-ი დაიქირავა — #1tvმეცნიერება
NASA-ს განცხადებით, მან კომპანია SpaceX-ი დაიქირავა სპეციალური ხომალდის შესაქმნელად, რომელმაც 2030 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგური ორბიტიდან უნდა მოხსნას, დედამიწის ატმოსფეროში შემოიტანოს და წყნარ ოკეანეში, სამუდამო განსასვენებელში ჩაუშვას.
ილონ მასკის კომპანიასთან NASA-მ 843$ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. ხომალდს US Deorbit Vehicle ერქმევა.
„ეს ხომალდი NASA-ს და მის პარტნიორებს დაეხმარება, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური უსაფრთხოდ მოვხსნათ ორბიტიდან“, — ამბობს NASA-ს წარმომადგენელი კენ ბოუერსოქსი.
მას შემდეგ, რაც SpaceX-ი მის მშენებლობას დაასრულებს, მთელი მისიის განმავლობაში, ხომალდის ოპერაციებსა და კონტროლზე პასუხისმგებელი NASA იქნება.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური 430 000 კილოგრამს იწონის და უდიდესი სტრუქტურაა, რაც კი ოდესმე კაცობრიობას კოსმოსში აუგია.
სხვა კოსმოსური სადგურების, მათ შორის Mir-ისა და Skylab-ის ატმოსფეროში შემოსვლისა და დაშლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, NASA-ს ინჟინრები ვარაუდობენ, რომ სადგურის ორბიტიდან მოხსნა და დაშლა სამ ეტაპად მოხდება.
პირველ რიგში მოსძვრება მზის დიდი პანელები და გამაგრილებელი რადიატორები, შემდეგ სადგურის ხერხემალს მოსძვრება ცალკეული მოდულები. შემდეგ კი თავად ეს ხერხემალი და მოდულები დაიმსხვრევა.
მასალების უდიდესი ნაწილი აორთქლდება, მაგრამ სავარაუდოდ მაინც გადარჩება მოზრდილი ნაჭრები. ამ მიზეზით, NASA მათ წყნარ ოკეანეში ჩაუშვებს, მსოფლიოს ყველაზე მიუდგომელ ადგილას, რომელსაც ნემოს წერტილს უწოდებენ და თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების სასაფლაოს წარმოადგენს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი სეგმენტი 1998 წელს გაუშვეს, საერთაშორისო ეკიპაჟი კი იქ 2001 წლიდან იმყოფება.
მისიის ბოლომდე, 2030 წლამდე, სადგურის ოპერირებაში მონაწილეობას გააგრძელებს აშშ, იაპონია, კანადა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრი ქვეყნები. მეხუთე პარტნიორი, რუსეთი, პროექტს 2028 წლიდან გამოეთიშება.
NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა აპრილში კონგრესს განუცხადა, რომ რადგან რუსეთი პროექტიდან გადის, სადგურის უსაფრთხოდ მოხსნას და ატმოსფეროში შემოტანას მთლიანად NASA აიღებს თავის თავზე.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის კომერციულ მემკვიდრეებზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მათ შორის, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.