„საერთაშორისო გამჭირვალობის“ იურისტი - მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი გამჭვირვალე არ არის
ეს არის გაუმჭვირვალე პროცესი, – ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“იურისტი, ოლიკო შერმადინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების საკითხზე კენჭისყრას.
მისი თქმით, კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხგაუცემელი რჩება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, დღევანდელი სისტემა ხარვეზიანია.
„ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რა მოტივაცია ედო საფუძვლად დღევანდელ გადაწყვეტილებას. კონკრეტულად საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კონკრეტულ კანდიდატებს, რით უპასუხეს იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებას აქვს ზოგიერთ კანდიდატთან დაკავშირებით და ასევე, რა მიზეზებით ეთქვა ზოგიერთ მოსამართლეს უარი უვადოდ გამწესებაზე. ეს არის სწორედ დღევანდელი სისტემის პრობლემა. ეს არის გაუმჭვირვალე პროცესი, რის შედეგადაც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს არასდროს ეცემა შესაბამისი პასუხები“, – განაცხადა ოლიკო შერმადინმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა, ექვს მოსამართლეს კი, მხარი არ დაუჭირა.
საბჭომ კენჭი უვადოდ გამწესების მსურველ 50 კანდიდატს უყარა, საიდანაც ექვსმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოიპოვა.