„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, საწვავის ხარისხის კონტროლი კი, გაუმჯობესდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოში საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, ხოლო საწვავის ხარისხის კონტროლი გაუმჯობესდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საავტომობილოს საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა, კერძოდ, საწვავის ხარისხი, ფასები, ბაზრის სტრუქტურა და სხვა.
რაც შეეხება ხარისხს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო წლებში მთავრობამ საავტომობილო საწვავის სტანდარტები გაამკაცრა, გარემოსდაცვითი დეპარტამენტი კი, პერიოდულად ახორციელებს შემოწმებას ავტოგასამართ სადგურებზე. შედეგად, 2018 წელს ბენზინში გადამეტებული ტყვიის შემცველობა არსად არ გამოვლინდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, მათ რვა კომპანიის საწვავის ხარისხი კერძო ლაბორატორიაში გადაამოწმეს და ყველა შესწავლილი ნიმუში სტანდარტებს შეესაბამებოდა, გარდა ერთსა.
ბაზრის სტრუქტურისა და კონკურენციის მხრივ კი, დადგინდა, რომ 2013 წლიდან საქართველოში საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. კერძოდ, თუ 2012 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტიორების რაოდენობა შვიდს შეადგენდა, 2018 წელს მათი რაოდენობა 57-მდე გაიზარდა, მსხვილი კომპანიების საბაზრო წილი კი, 93.4 პროცენტიდან 69.5 პროცენტამდე შემცირდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აცხადებენ, რომ საავტომობილო საწვავის ბიზნესი სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ამ ბიზნესიდან ბიუჯეტში 1.3 მლრდ ლარი შევიდა.