კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი - 2018 წელს ტექნოლოგიური კომპანიები უფრო მღვრიე და გაუმჭვირვალე გახდნენ
კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი - 2018 წელს ტექნოლოგიური კომპანიები უფრო მღვრიე და გაუმჭვირვალე გახდნენ

ინტერნეტის მომხმარბელთა პირადი მონაცემების ხელყოფის გახშირებულმა ფაქტებმა 2018 წელს ტექნოლოგიური კომპანიების რეპუტაცია შელახა, – ამის შესახებ კონკურენციის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარგარეტ ვესტაგერმა BBC-ს რადიოსთვის მიცემულ წლის შემაჯამებელ ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნულ ინტერვიუში ვესტაგერმა გააკრიტიკა ტექნოლოგიური გიგანტები მიმდინარე წელს მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის ხელყოფისა და მოქალაქეთა უფლებების მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო.

კომისიონერის განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს რეგულაციებზე, რათა მომხმარებელთა უფლებები უკეთ იყოს დაცული, მაგრამ ამ მიმართულებით უფრო შეთანხმებული მუშაობაა საჭირო.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ტექნოლოგიურ კომპანიებთან უფრო მღვრიე და არეული გახდა, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება რისკი, რომ ამ კომპანიების პოტენციალის ნათელი და მიმზიდველი მომენტები, შესაძლოა, დაიჩრდილოს ისეთი ფაქტებით, როგორიცაა პირადი მონაცემების ხელყოფა, ამ მონაცემებით მანიპულირება, უპატივცემულობა მოქალაქეებისა და პიროვნების უფლებების მიმართ. სულ უფრო და უფრო ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა გავაკეთოთ რაღაც და თან გავაკეთოთ ერთად“,- განაცხადა ვესტაგერმა.

როგორც ცნობილია, 2018 წელს პირადი ინფორმაციის ხელყოფის რამდენიმე სკანდალი მოხდა.  სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ ბოდიში მოუხადა თავის 87 მილიონ მომხმარებელს იმის გამო, რომ მათი პირადი ინფორმაცია „ფეისბუქის“ მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Cambridge Analytica-სთვის; Twitter-ის, Facebook-ისა დაYouTube-ის პლატფორმები ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენა რუსეთმა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ; ევროკავშირმა რეკორდული თანხით, 4.3 მილიარდი ევროთი დააჯარიმა საძიებო პლატფორმა Google-ი. კომპანია უკანონოდ იყენებდა ანდროიდის სისტემას ბაზარზე დომინანტური პოზიციის შენარჩუნების მიზნით.

ვესტაგერის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა გზით აიძულონ ტექნოლოგიური კომპანიები, რომ უფრო გამჭვირვალე გახადონ, როგორ განკარგავენ მათ ხელში მოხვედრილ პერსონალურ მონაცემებს. კომისიონერი იმედოვნებს, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში გამჭვირვალობის კუთხით ბევრად მეტის მიღწევა იქნება შესაძლებელი.