საელჩო - ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში ინციდენტისას დაშავებული ერთი პირი რჩება საავადმყოფოში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
საელჩო - ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში ინციდენტისას დაშავებული ერთი პირი რჩება საავადმყოფოში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გერმანიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს ინფორმაციას ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. საელჩოში განმარტავენ, რომ ბრანდენბურგის ფედერალური მიწის შსს-ს წარმომადგენელმა საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთან ოფიციალურად უარყო საქართველოში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აიზენჰიუტენშტადტში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით ოთხი დაშავებულიდან სამი პირი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ერთი პირი რჩება საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რიგი საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც დაშავდნენ საქართველოს მოქალაქეები.

გაცნობებთ, რომ საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით ა.წ. 22 ივლისს, პოლონეთის საზღვართან მდებარე ქ. აიზენჰიუტენშტადტში (ბრანდენბურგის ფედერალური მიწა) მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა პირველად გამანაწილებელ ცენტრში ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რა დროსაც დაშავდა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 4 მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება გერმანიის ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ფაქტის შესახებ დამატებითი ცნობების მიღების, ასევე საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

არსებული ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ინციდენტი დაიწყო საქართველოს მოქალაქესა დ სუდანის მოქალაქეს შორის შელაპარაკებით, რაც მოგვიანებით მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირებაში თავშესაფრის სხვა მცხოვრებლებიც ჩაერთვნენ, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიადგათ საქართველოს და სუდანის მოქალაქეებს. პოლიციამ დააკავა ინციდენტში მონაწილე 8 პირი, ხოლო საქართველოს 4 და სუდანის 1 მოქალაქე გადაყვანილი იქნენ საავადმყოფოში.

ბრანდენბურგის ფედერალური მიწის შსს-ს წარმომადგენელმა საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთან ოფიციალურად უარყო საქართველოში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აიზენჰიუტენშტადტში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით ოთხი დაშავებულიდან სამი პირი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ერთი პირი რჩება საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება საქართველოს ცალკეული მოქალაქეების წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ საელჩო არ ინტერესდება მათი მდგომარეობით თავშესაფართა ბანაკებში, გვსურს განვმარტოთ რომ არსებული კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით გერმანიის მთავრობას, ვიდრე არ მიიღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ, არ აქვს უფლება მიაწოდოს ინფორმაცია იმ ქვეყნის საელჩოებს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებიან ბანაკებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ საქართველოს საელჩომ კომენტარის სახით ასევე ინფორმაცია მიაწოდა დაინტერესებულ საინფორმაციო საშუალებას (ამ შემთხვევაში ტელეკომპანია რუსთავი 2) თუმცა, სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული საელჩოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მოხდა მცდარი ცნობების გავრცელება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.