გერმანიაში, სანქტ-ავგუსტინის ლტოლვილთა საცხოვრებელში კორონავირუსი გავრცელდა
გერმანიაში, სანქტ-ავგუსტინის ლტოლვილთა საცხოვრებელში კორონავირუსი გავრცელდა

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე მდებარე ქალაქ სანქტ-ავგუსტინში, ლტოლვილთა საცხოვრებელში კორონავირუსი გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ლტოლვილთა საცხოვრებელში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 70 შემთხვევა. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ყველა ინფიცირებული იზოლირებულია. უმრავლესობის შემთხვევაში, დაავადება უსიმპტომოდ ვითარდება ან მსუბუქი სიმპტომები აქვთ.

საცხოვრებელში ახალ კორონავირუსზე ტესტი 300 ადამიანს ჩაუტარდა.

როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გერმანიის ლტოლვილთა ცენტრში გამოვლინდა. მანამდე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში „კოვიდ-19“-ით დაავადდა 50-ზე მეტი ადამიანი ოისკირხენში მდებარე მიგრანტთა საცხოვრებელში, 30-ზე მეტი შემთხვევა მეტმანის ცენტრში დაფიქსირდა.

სულ გერმანიაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 174 355 შემთხვევა, გარდაიცვალა 7 914 ადამიანი.