სად იმალება სამყაროს ნაკლული მატერია - ასტრონომები დიდი კოსმოსური საიდუმლოს ამოხსნის ზღვარზე
სად იმალება სამყაროს ნაკლული მატერია - ასტრონომები დიდი კოსმოსური საიდუმლოს ამოხსნის ზღვარზე

უკვე ათწლეულებია, ასტრონომები ეძებენ რაღაცას, რომლისთვის გვერდის ავლაც უბრალოდ შეუძლებელია — სამყაროს „ჩვეულებრივი“ მატერიის დაახლოებით მესამედს. ნასას ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის მიერ შეგროვებული მონაცემები შესაძლოა, მათ ამ ნაკლული მატერიის ადგილსამყოფელის პოვნაში დაეხმაროს.

უზუსტესი გათვლების შედეგად, მეცნიერებმა გამოითვალეს, რა ოდენობის ჩვეულებრივი მატერია (წყალბადი, ჰელიუმი და სხვა ელემენტები) უნდა არსებულიყო დიდი აფეთქების შემდეგ. მილიარდობით წლის განმავლობაში, ჩვეულებრივი მატერიის დიდმა ნაწილმა საკუთარი გზა კოსმოსურ მტვერში, გაზსა და ისეთ ობიექტებში ჰპოვა, როგორებიცაა ვარსკვლავები თუ პლანეტები; როგორც წესი, თანამედროვე სამყაროს ამ ობიექტთა დანახვა ტელესკოპებს ადვილად შეუძლიათ.

პრობლემა იმაშ მდგომარეობს, რომ როცა ასტრონომებმა ჩვეულებრივი მატერიის მთლიან მასას თანამედროვე სამყაროს მასა გამოაკლეს, ვერ მიაგნეს მასის დაახლოებით მესამედს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ნაკლული მასა და იდუმალი ბნელი მატერია აბსოლუტურად სხვადასხვა რამეებია.

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ეს ნაკლული მასა თავს იყრის გალაქტიკათშორის სივრცეში გადაჭიმულ გიგანტურ, ძაფისებრ ნაკადებში. მათ ფილამენტებს უწოდებენ და შედგება თბილი და ცხელი გაზისაგან. ამ ფილამენტებს ასტრონომები „თბილ-ცხელ გალაქტიკათშორის სივრცეს“ (WHIM) უწოდებენ. ოპტიკური სინათლის ტელესკოპებისთვის ისინი უხილავია, თუმცა ფილამენტების თბილი გაზის გარკვეული ნაწილი დაფიქსირებულია ულტრაიისფერ სინათლეში.

ჩანდრასა და სხვა ტელესკოპთა მონაცემების საფუძველზე, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, მკვლევრებმა თბილ-ცხელი გალაქტიკათშორისი სივრცის ცხელი კომპონენტების ახალი, ძლიერი მტკიცებულებები პოვეს.

„ნაკლული მატერიის პოვნის შემთხვევაში, გადავჭრით ასტროფიზიკის ერთ-ერთ უდიდეს დილემას. სად აგროვებს და მალავს სამყარო იმ მატერიის დიდ ნაწილს, რომლისგანაც ვარსკვლავები და პლანეტები შედგება?“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის მკვლევარი ორსოლია კოვაკსი.

სანდრას კოსმოსური ტელესკოპით ასტრონომებმა შეისწავლეს თბილი გაზის ფილამენტები, რომლებიც კვაზარის მიმართულებითაა განლაგებული. კვაზარი არის რენტგენული გამოსხივების ძლიერი წყარო, რომელსაც სწრაფად მზარდი სუპერმასიური შავი ხვრელი კვებავს. ეს კვაზარი მდებარეობს დედამიწიდან 3,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში, თუ თბილ-ცხელი გალაქტიკათშორისი სივრცის ცხელი გაზი ამ ფილამენტებთან არის კავშირში, კვაზარიდან წამოსული რენტგენული გამოსხივების გარკვეული ნაწილი ცხელმა გაზმა უნდა შთანთქას. შესაბამისად, კვაზარის რენტგენულ გამოსხივებაში ასტრონომები ჩანდრას საშუალებით ცხელი გაზის კვალს ეძებდნენ.

ახალი მეთოდის წყალობით, კოვაკსმა და მისმა ჯგუფმა ამ კვაზარსა და ჩვენ შორის 17 შესაძლო ფილამენტი გამოავლინა.

სამყაროს გაფართოების გამო, ამ ფილამენტების მატერიის მიერ რენტგენული გამოსხივების შთანთქმა წაინაცვლებს წითელ ტალღის სიგრძეებში. ჩანაცვლების ოდენობა დამოკიდებულია დამოკიდებულია ფილამენტებამდე მანძილზე. შესაბამისად, ჯგუფმა იცოდა, სად ეძებნა სპექტრში თბილ-ცხელ გალაქტიკათშორისი სივრცის მიერ შთანთქმული რენტგენული გამოსხივება.

მკვლევრებმა წარმატებით დაძლიეს რენტგენული გამოსხივების შთანთქმის სიმკრთალის პრობლემაც. სპექტრი გაზარდეს 17 ფილამენტის სიგნალების შეკრების შედეგად, რისი წყალობითაც, 100 დღეში შესაგროვებელი მონაცემები 5,5 დღიანი დაკვირვებით მოიპოვეს. ამ მეთოდით მათ დააფიქსირეს ჟანგბადი, რომელიც თავს იყრიდა თითქმის მილიონ გრადუსზე გაცხელებულ გაზში.

ჩატარებულ გათვლებზე დაყრდნობით, მკვლევრები იუწყებიან, რომ მათ უკვე შეუძლიათ სამყაროს ნაკლული მატერიის სრული ოდენობის დადგენაც. სულ მცირ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ნაკლული მატერია თბილ-ცხელ გალაქტიკათშორის სივრცეში (WHIM) იმალება.

ასტრონომები იმედოვნებენ, რომ იგივე მეთოდს მალე სხვა კვაზარებზეც მოსინჯავენ და საბოლოოდ ამოხსნიან დიდი ხნის საიდუმლოს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.