ასტრონომებმა სამყაროს ჩვეულებრივი მატერიის უკანასკნელი ნაკლული წილი იპოვეს
ასტრონომებმა სამყაროს ჩვეულებრივი მატერიის უკანასკნელი ნაკლული წილი იპოვეს

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა სამყაროს ჩვეულებრივი მატერიის უკანასკნელი რეზერვუარი იპოვეს.

ჩვეულებრივი მატერია, ანუ „ბარიონები“ წარმოქმნის ყველა ფიზიკურ ობიექტს, ვარსკვლავებით დაწყებული, შავი ხვრელის ბირთვებით დამთავრებული. მაგრამ ამ დრომდე, ასტროფიზიკოებს აღმოჩენილი ჰქონდათ იმ მატერიის მხოლოდ ორი-მესამედი, რომელიც თეორეტიკოსთა აზრით, დიდი აფეთქების დროს უნდა წარმოქმნილიყო.

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა „ნაკლული ძაფი“ გალაქტიკებს შორის არსებულ სივრცეში იპოვა. კვლევის თანაავტორის, მაიკლ შულის განცხადებით, დაკარგული მატერია იქ ჟანგბადის ფილამენტების (ძაფისებრი წარმონაქმნები) სახით არსებობს და მისი ტემპერატურა დაახლოებით 1 მილიონი გრადუსი ცელსიუსია.

ეს აღმოჩენა უზრმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია ასტროფიზიკაში.

„წყალბადის, ჰელიუმისა და პერიოდულობის ცხრილზე არსებული ყველა ელემენტის აღრიცხვა დიდი აფეთქების თეორიის შემოწმების ერთ-ერთი მთავარი სვეტია“, — ამბობს შული.

მკვლევრებმა კარგად იციან, სად უნდა ეძებონ სამყაროს ჩვეულებრივი მატერიის დიდი ნაწილი, თუ არ ჩავთვლით ბნელ მატერიას, რომელსაც მეცნიერები ამ დრომდე ამაოდ ეძებენ. ბარიონული, ანუ ჩვეულებრივი მატერიის მთლიანი ოდენობის 10 პროცენტი გალაქტიკებში იყრის თავს, დაახლოებით 60 პროცენტი კი გალაქტიკებს შორის გაწოლილ გაზის დიფუზიურ ღრუბლებში.

2012 წელს, შულმა და მისმა კოლეგებმა ივარაუდეს, რომ ბარიონული მატერიის ნაკლული 30 პროცენტი თავმოყრილი უნდა ყოფილიყო კოსმოსური აბლაბუდას მსგავს სტრუქტურაში, რომელსაც თბილ-ცხელ გალაქტიკათშორის სივრცეს უწოდებენ.

ნაკლული ატომების გალაქტიკათშორის რეგიონში ძებნისთვის, მკვლევრებმა ტელესკოპთა მთელი რიგი მიმართეს კვაზარ 1ES 1553-სკენ. ეს გახლავთ გალაქტიკის ცენტრში მოთავსებული შავი ხვრელი, რომელიც ჭამს და თან უკან აფრქვევს დიდი ოდენობით გაზს. შულის თქმით, ის კოსმოსის უიშვიათესად კაშკაშა შუქურაა.

მეცნიერებს ძალიან ბევრი ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ, თუკი ჩაიწერენ კვაზარის რადიაციის კოსმოსში გადაადგილებას, დაახლოებით ისე, როგორც მეზღვაური ხედავს შუქურას ნისლში. იმის გასარკვევად, სად შეიძლება ეძებნათ ნაკლული ბარიონები, მათ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი სპექტროგრაფი გამოიყენეს, შემდეგ კი ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ XMM-Newton-ის მონაცემებს მიმართეს.

ყოველივე ამის შემდეგ, ჯგუფმა აღმოაჩინა ამ კვაზარსა და ჩვენს მზის სისტემას შორის გადაჭიმული ძლიერ იონიზებული ჟანგბადის ერთ-ერთი ტიპის ხელწერა. თანაც, მისი სიმკვრივე სრულიად საკმარისია, რომ მთელი სამყაროს მასშტაბზე ექსტრაპოლირების (მორგების) შემთხვევაში, ჩვეულებრივი მატერიის სულ მცირე 30 პროცენტი შეადგინოს.

„ჩვენ ამ ბარიონების პოვნა შევძელი“, — აღფრთოვანებით აღნიშნავს მაიკლ შული.

როგორც იგი ვარაუდობს, მილიარდობით წლის განმავლობაში, გალაქტიკები და კვაზარები ამ გაზს კოსმოსის სიღრმეებში აფრქვევენ. შულის თქმით, მათი აღმოჩენის საბოლოო დადასტურებისთვის საჭიროა დაკვირვებები უფრო კაშკაშა კვაზარებზე.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია colorado.edu-ს მიხედვით.