საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, 2017 წელს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა
თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, 2017 წელს აშენდა.
როგორც პირველმა არხმა გაარკვია, კორპუსი შპს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. საქმიანობის პროფილი კი, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა.
რაც შეეხება მფლობელს, დაარსების დღიდან კომპანიის მფლობელი და დირექტორი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გრიგოლ ჭანტურიაა. ასევე, მის სახელზე ფიქსირდება კიდევ ერთი კომპანია შპს „ილორი“, რომლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
სამშენებლო ბიზნესში კომპანიის აქტივი მხოლოდ დიდ დიღომში მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია. 1300 კვ.მ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და გაყიდვები კომპანიამ 2017 წლის დასაწყისში დაიწყო და იმავე წლის ზაფხულში დაასრულა. ერთი კვ.მ-ის ღირებულება 1000 ლარს აღემატებოდა. მაისში შენობას ოფიციალური მისამართიც მიენიჭა – ავთანდილის ქუჩა N8.
აფეთქება აღნიშნულ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.