საჩხერის სამედიცინო ცენტრის ათი თანამშრომელი კლინიკაში, იზოლაციაში რჩება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალიდან ათი პირი, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ინფექციონისტთან კვლავ კლინიკაში, იზოლაციაში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
„ისინი კლინიკის პალატებში იმყოფებიან. მათთან ამ დრომდე დაავადების არავითარი სიმპტომები არ გამოვლენილა“, – განაცხადა ქამუშაძემ.
ინფექციონისტის დადებითი პასუხის შემდეგ კლინიკაში ას თანამშრომელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
„სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გაკეთდება სწრაფი ტესტები. ტესტები საჭირო რაოდენობა გვაქვს”, – განაცხადა ქამუშაძემ.