აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დიდი ხნის შემდეგ, ოფიციალურად დაასახელა საბრძოლო კუნძულის ლოკაცია, რომელზეც საერთაშორისო ბრძოლები შედგება.
იასის კუნძული პირბელ ქარდს 11 ივლისს უმასპინძლებს. სულ კი ივლისში ამ ლოკაციაზე ოთხი ღონისძიება ჩატარდება, დანარჩენი ქარდები 15, 18 და 25 ივლისს გაიმართება.
ვაიტმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ 11 ივლისს UFC 251-ის ფარგლებში სამი სატიტულო ბრძოლა შედგება. კამარუ უსმანი გილბერტ ბერნსს დაუპირისპირდება. ალექს ვოლკანოვსკი მაქს ჰოლოვეისთან რემატჩს გამართავს. პეტრ იანი კი ვაკანტური ტიტულისთვის ჟოზე ალდოს შეხვდება.
„ამჟამად, ყველა დაუღალავად ვშრომობთ, რომ ყველფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს. განსაკუთრებით რთული ამოცანა ხალხის ლოკაციაზე ჩაყვანაა. ჩვენ გლობალური ბიზნესის ნაწილი ვართ. ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს ამ მძიმე დროს. იასის კუნძული საერთაშორისო ბრძოლებს უმასპინძლებს“, – განაცხადა ვაიტმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ UFC უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს გაერთიანებულ საემიროებთან. ბოლოს იასის კუნძულზე ქარდი 2019 წლის სექტემბერში UFC 242-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა დასტინ პორიესთან დაიცვა ტიტული.