მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე კოდი სტამანი იქნება - ორი მაისის ქარდზე ორი ქართველი იბრძოლებს | ექკლუზიური ინტერვიუ ქართველ „მანქანასთან“ #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე კოდი სტამანი იქნება - ორი მაისის ქარდზე ორი ქართველი იბრძოლებს | ექკლუზიური ინტერვიუ ქართველ „მანქანასთან“ #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილი UFC – ის ოქტაგონზე უკანასკნელად 2020 წლის 15 აგვისტოს გამოჩნდა. ქართველმა „მანქანამ“ ჯონ დოდსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია და ეს ამერიკელი კოდი სტამანია, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მე-13 მებრძოლია. სტამანის სტატისტიკა შერეულ ორთაბრძოლებში ასე გამოიყურება – 19 მოგება, სამი მარცხი და ერთი ფრე. დვალიშვილის და კოდის დაპირისპირება აქამდე ორჯერ ჩაინიშნა, თუმცა კორონავირუსის გამო მებრძოლები ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.

დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და იმ შემთხვევაში თუ სტამანის დამარცხებას შეძლებს სატიტულო ბრძოლისკენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ჩვენ მერაბს ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

როგორც იქნა ჩაგენიშნა ბრძოლა და შენი მომდევნო მეტოქე კოდი სტამანი იქნება. რას იტყოდი მასზე?

უკვე დიდი ხანია ველოდები ჩემს მომდევნო ბრძოლას. სტამანთან დაპირისპირება ორჯერ დაიგეგმა, თუმცა ჯერ კოდის ჰქონდა კორონავირუსი, შემდეგ კი მე გადავიტანე Covid-19 და სამწუხაროდ აქამდე ვერ დავუპირისპირდით ერთმანეთს. სტამანი ძალიან ძლიერი მებრძოლია და მასთან გამარჯვება ჩემი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

საკმაოდ ბევრი დრო გაქვს მოსამზადებლად. სად გეგმავ სტამანთან ბრძოლისთვის მომზადებას და ამჟამად როგორ ფორმაში ხარ, ტრავმა ხომ არ გაწუხებს?

არავითარი ტრავმა არ მაწუხებს და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ კარგ ფორმაში ვარ. ამჟამად ვიმყოფები ნიუ იორკში, თუმცა დაახლოებით ორ კვირაში დავბრუნდები ლას ვეგასში და იქ (UFC Performance Institute) გავაგრძელებ სრულყოფილად ვარჯიშს. სამწუხაროდ ნიუ იორკში სრულფასოვანი წვრთნის გავლას ვერ ვახერხებ.

კოდი სტამანთან გამარჯვების შემთხვევაში ტოპ 10-ის მიღმა მყოფ მებრძოლთან დაპირისპირებას დათანხმდები ?

იმ შემთხვევაში თუ მოვახერხებ სტამანის დამარცხებას ტოპ 10-ის მიღმა მყოფ მებრძოლთან დაპირისპირებას არც ერთ შემთხვევაში არ დავთანხმდები. თუ მოვიგებ, ზედიზედ ექვსი გამარჯვება მექნება, ეს კი ძალიან ბევრია. სხვა ვარიანტს არც კი განვიხილავ.

ორი მაისის ქარდზე ერთდროულად ორი ქართველი ჩაატარებთ ბრძოლას. ოქტაგონზე შენს გარდა გიგა ჭიკაძეც გავა. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ეს ფაქტი და რამდენად გიმაღლებს მოტივაციას?

კარიერაში პირველად მომიწევს ქართველ მებრძოლთან ერთად ერთ ქარდზე გამოსვლა. ეს ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი მოტივაციას ერთი ორად მიზრდის. მეც და გიგასაც ძალიან პრინციპული ბრძოლები გველის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ.

დატოვე კომენტარი