მერაბ დვალიშვილი - შესაძლოა, ორ თვეში მარლონ მორაესთან ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩავატარო | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი - შესაძლოა, ორ თვეში მარლონ მორაესთან ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩავატარო | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილის მოგებათა სერია გრძელდება. ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ „ვეგას 25“-ის (Vegas 25) ფარგლებში კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მერაბმა სამივე რაუნდი მისთვის დამახასიათებელ დომინანტურ სტილში წარმართა და მეტოქისთვის ბრძოლის არც ერთ მონაკვეთში შანსი არ მიუცია. მსაჯებმა მერაბის გამარჯვება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დააფიქსირეს (30-27, 29-28 და 29-28).

დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მეექვსე მოგება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მერაბი სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოს არის. ჩვენ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და საკმაოდ საინტერესო სიახლეები შევიტყვეთ.

მისია შესრულებულია. ახლა UFC-ში უკვე ზედიზედ ექვსი გამარჯვება გაქვს და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ რომ სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოს ხარ. რას იტყოდი სტამანთან დაპირისპირებაზე?

გამარჯვების მოპოვება არ გამჭირვებია. საკმაოდ იოლად მოვახერხე იმ გეგმის შესრულება, რომელიც ბრძოლამდე დავისახე. ვიცოდი, რომ სტამანი კარგი მოჭიდავე იყო და შევეცადე, რომ დაბალანსებული ბრძოლა გამიმართა, რაც ვფიქრობ რომ კარგად გამომივიდა. სამივე რაუნდი მოვიგე და გამოგიტყდებით, რომ საერთოდ არ დავღლილვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდი და ქვეყანა კიდევ ერთხელ გავახარე.

ბრძოლის დროს რაიმე ტრავმა ხომ არ მიგიღია? როდის და ვისთან გსურს შემდეგი ბრძოლის ჩატარება?

არავითარი დაზიანება არ მიმიღია. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და უკვე ვემზადები შემდეგი ბრძოლისთვის. გეტყვით ერთ საინტერესო ამბავს. ამჟამად მოლაპარაკებებს ვმართავთ მარლონ მორაესთან და შესაძლოა ორ თვეში მასთან ხუთ რაუნდიანი ბრძოლა ჩავატარო. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მე ნებისმიერი მაღალი დონის მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვარ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

შენმა მეგობარმა და გუნდელმა ალჯამეინ სტერლინგმა საკუთარ პოდკასტზე თქვა, რომ სურს საქართველოში ვიზიტი და ქართულ კულტურასთან გაცნობა. ამასთან დაკავშირებით ხომ არ შეგიძლია რამე გვითხრა?

დიახ, ნამდვილად ასეა. ალჯოს და ჩემ რამდენიმე გუნდელს ძალიან სურთ საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენ კულტურასთან გაცნობა. იმ შემთხვევაში თუ პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია გამოსწორდება და რეგულაციები გაუქმდება, უახლოეს მომავალში ჩამოვალ საქართველოში ჩემს რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად.