ილია თოფურიამ რაიან ჰოლი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა - UFC 264-ის შედეგები
ილია თოფურიამ რაიან ჰოლი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა - UFC 264-ის შედეგები

​„აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის“ მორიგ ღონისძიებაზე (UFC 264) ქართველმა მსუბუქწონოსანმა ილია თოფურიამ მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე რაიან ჰოლი იყო, რომელიც ჯიუ-ჯიცუს დიდოსტატია და ბრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. „იმანარის ბრუნის“ (Imanari Roll) შემდეგ შესრულებული ფეხის მტკივნეულით აქვს მოგებული.

აღნიშნული ილეთი დაუპირისპირა მან თოფურიასაც, მაგრამ ილია თავადაც ფლობს ჯიუ-ჯიცუში შავ ქამარს და მეტოქის იერიშების მოგერიება არ გასჭირვებია, თავად კი პირველი რაუნდის მიწურულს გაუტარა ჰოლს ძლიერი დარტყმა და გამარჯვება ხუთწუთეულის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გაიფორმა.

ეს ილიასთვის UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვებაა და მის პროფესიონალურ ანგარიშზე 11 მოგება და ნული მარცხია.

ამავე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დასტინ პორიე და კონორ მაკგრეგორი დაუპირისპირდნენ. პირველ რაუნდში პორიე დომინირებდა და შეხვედრის სათავისოდ დასრულებასთან ახლოსაც იყო, თუმცა ბოლო წამებზე ირლანდიელმა ფეხი მოიტეხა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მანამდე, ბრაზილიელმა გილბერტ ბარნსმა სტივენ ტომპსონი მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით დაამარცხა.