რომან დოლიძე 21 მარტს საშუალო წონით დივიზიონში სადებიუტი ბრძოლას გამართავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT
რომან დოლიძე 21 მარტს საშუალო წონით დივიზიონში სადებიუტი ბრძოლას გამართავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT

რომან დოლიძე შერეულ საბრძოლო სახეობებში დაუმარცხებელია. 32 წლის ქართველ მებრძოლს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – რვა გამარჯვება და არც ერთი მარცხი. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში (UFC) დოლიძეს სულ ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული. ქართველი აქამდე ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ასპარეზობდა. სადებიუტო დაპირისპირება რომანმა ხადის იბრაგიმოვთან გამართა და ეფექტური ნოკაუტით გაიმარჯვა. შემდგომ კი ბრაზილიელ ჯონ ალანს მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია.

მომდევნო დაპირისპირება რომანს მოკლე დროში ჩაენიშნა. 21 მარტს დაუმარცხებელი ქართველი საშუალო წონით დივიზიონში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. დოლიძის მეტოქე 28 წლის ტრევინ ჯაელსი იქნება. თავდაპირველად ჯაელსის ბრძოლა დრიცუს დუპლესის წინააღმდეგ იყო ჩანიშნული, თუმცა დუპლესი ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. ჯაელსს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 13 მისი გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ორი დაპირისპირება ამერიკელმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოიგო (ჯეიმს კრაუზე, ბევონ ლუისი).

21 მარტის ქარდზე მთავარი ბრძოლა კევინ ჰოლანდსა და დერეკ ბრანსონს შორის შედგება.

ჩვენ რომანს ლას ვეგასში დავუკავშირდით და მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე 10 დღით ადრე გავესაუბრეთ.

მომდევნო ბრძოლა 10 დღეში ტრევინ ჯაელსთან ჩაგენიშნა. რატომ დაიგეგმა ეს დაპირისპირება ასეთ მცირე დროში?

დიახ, საკმაოდ მალე მიწევს გასვლა ოქტაგონზე და ბრძოლის გამართვა, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ამჟამად მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ და ეს წონის კლებაა. პროფესიონალურად და მაღალ დონეზე უნდა შევძლო საჭირო წონის დაფიქსირება.

ეს შენი სადებიუტო ბრძოლა იქნება საშუალო წონით დივიზიონში. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გყავს. რა ინფორმაციას ფლობ ტრევინ ჯაელსის შესახებ, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები?

სიმართლე გითხრათ, დიდ ინფორმაციას არ ვფლობ ჩემს მომდევნო მეტოქის შესახებ. მე ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერთან საბრძოლველად. ადრე თუ გვიან აუცილებლად მომიწევს ტოპ დონის მებრძოლებთან დაპირისპირება და აქედან გამომდინარე ყველასთვის მზად უნდა ვიყო.

საშუალო წონით დივიზიონში გეგმავ თავის დამკვირდებას? ნახევრად საშუალო წონით დივიზიონს აღარ დაუბრუნდები?

დიახ, ვფიქრობ რომ საშუალო წონა იქნება ჩემთვის პრიორიტეტული, მთავარი წონა და სწორედ აქ გავაგრძელებ ასპარეზობას. ვარჯიშების მხრივ ყველაფერი კარგად მიდის და ვიცი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამ. ყველაფერს თავად ნახავთ.

ტრავმა ხომ არ გაწუხებს და როგორ ფორმაში ხარ?

ძალიან მაღალი დონის მოსამზადებელი ეტაპი გავიარე და ძალიან კარგ ფორმაში ვარ. არავითარი ტრავმა არ მაწუხებს. როგორც უკვე გითხარით, ახლა ერთადერთ საზრუნავს წონის ჩაბარება წარმოადგენს. დანარჩენი ყველაფერი უმაღლეს დონეზე მზად არის. მოუთმენლად ველოდები ბრძოლის დღეს.

ვინ იქნება შენს კუთხეში ბრძოლის დროს ?

ვფიქრობ, ჩემს კუთხეში დიდი ალბათობით იქნებიან ჩემი მწვრთნელი ერიკი და ასევე ჩემი მენეჯერი ალი აბდელაზიზი.