ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე რაიან ჰოლი იქნება #1TVSPORT
ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე რაიან ჰოლი იქნება #1TVSPORT

ახალგაზრდა დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მომდევნო ბრძოლას 11 ივლისს ჩაატარებს.

„მატადორის“ მეტოქე ჯიუ ჯითსუს ცნობილი ოსტატი რაიან ჰოლი იქნება. ქართველის მოწინააღმდეგეს კარიერაში სულ ცხრა ბრძოლა აქვს გამართული და აქედან რვა მისი გამარჯვებით დასრულდა.

UFC-ში მას სულ ოთხი დაპირისპირება აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით ჰოლს მარცხი ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში არ განუცდია. ჰოლი 36 წლის არის. მას დამარცხებული ჰყავს ბი ჯეი პენი, დარენ ელკინსი, გრეი მეინარდი და არტიომ ლობოვი. ასე რომ ილია თოფურიას სერიოზული გამოცდა ელის.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე დაუმარცხებელია. მისი სტატისტიკა შთამბეჭდავად გამოიყურება – 10 გამარჯვება და არც ერთი მარცხი. UFC-ში ილიამ სულ ორი ბრძოლა ჩაატარა. სადებიუტო დაპირისპირებაში „მატადორმა” იუსეფ ზალალი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა, შემდეგ კი დეიმონ ჯექსონი ნოკაუტში გაუშვა.

ილია თოფურიასთან ინტერვიუს საქართველოს პირველი არხი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.