პირველი ქართველი UFC-ის ტოპ 10-ში - ძალიან მსურს მიმდინარე წლის ბოლომდე ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლო | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT
პირველი ქართველი UFC-ის ტოპ 10-ში - ძალიან მსურს მიმდინარე წლის ბოლომდე ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლო | ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან #1TVSPORT

გიგა ჭიკაძე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში – დაუმარცხებელია. ქართველმა მებრძოლმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სულ ექვსი ბრძოლა ჩაატარა და ყველა გამარჯვებით დაასრულა. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება გიგამ რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასში მოიპოვა. „ვეგას 25“ (Vegas 25) ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქარდზე ერთდროულად ორი ქართველი ასპარეზობდა.

ჭიკაძის ბრძოლა საღამოს ბოლოს წინა დაპირისპირება გახლდათ. გიგას მეტოქე ცნობილი ამერიკელი ვეტერანი ქაბ სვონსონი იყო. ქართველ მებრძოლს გამარჯვების მოსაპოვებლად ერთი წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა. თავდაპირველად გიგამ თავისის საფირმო „გიგა ქიქით“ (giga kick) სვონსონს ღვიძლის არეში უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მსაჯს ამის შემდეგ ბრძოლის შეჩერება მოუხდა და გიგამ ეფექტური ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ეს გიგასთვის ეს ზედიზედ მეექვსე მოგება იყო. შეიძლება ითქვას, რომ სატიტულო ბრძოლასთან ყველაზე ახლოს ქართველი მებრძოლებიდან სწორედ გიგა ჭიკაძეა, რადგან ის უკვე რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.

ჩვენ გიგას ამერიკის შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

UFC-ში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვე. რაც მთავარია შენი კარიერის აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ეფექტური ნოკაუტით მოიპოვე. როგორ გეგმავდი ბრძოლის წარმართვას, ელოდებოდი თუ არა რომ ასე მალე დასრულდებოდა დაპირისპირება?

სიმართლე რომ გითხრათ, ამ ბრძოლის წინ ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა. მოსამზადებელი ეტაპის დაწყების წინ ბარძაყის კუნთი გავიგლიჯე. შემდგომ ხერხემალი დავიზიანე. ამის შემდეგ კი საერთოდ ნეკნი გავიტეხე. მოკლედ რომ გითხრათ, ოქტაგონზე გასვლამდე მუდმივად ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლებოდა ამ ბრძოლის რაც შეიძლება მალე დასრულება. ისეთი დგომი უნდა ამერჩია, რომ ოპტიმალური ყოფილიყო და ტრავმები არ გამოჩენილიყო. ავირჩიე მარცხენა დგომში დადგომა და ფაქტობრივად ის გეგმა რაც მიზნად დავისახე პირნათლად შევასრულე. ველოდი რომ პირველივე რაუნდში სწორედ ასე დავასრულებდი ბრძოლას.

ბრძოლის შემდეგ შენ განაცხადე, რომ მიმდინარე კვირასაც გსურს ბრძოლის ჩატარება UFC-ის მომდევნო ქარდზე. რაიმე სიახლე ხომ არ არის ამასთან დაკავშირებით?

დიახ, ბრძოლის დასრულებისთანავე UFC-ის მატჩმეიკერებს შონ შელბის, ასევე დანა ვაიტს და ჩემს აგენტს მხოლოდ მომდევნო ბრძოლასა და მეტოქეზე ვესაუბრები. ფაქტობრივად ყოველ ორ-სამ საათში გვაქვს მოლაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე საინტერესო სიახლებიით კვლავ გაგახარებთ. მე ყველასთან ბრძოლას ვთანხმდები, ბევრი სპორტსმენი გამოვიწვიე და დარწმუნებული ვარ სულ მალე ახალ ამბებსაც გაგაგებინებთ. სამწუხაროდ, ამ შაბათს ბრძოლას ვერ ჩავატარებ, ძალიან მსურდა და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ამ ვიქენდზე მებრძოლა, თუმცა როგორც ჩანს ეს არ გამოვა. იმედს ვიტოვებ, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე შევძლებ კვლავ ოქტაგონზე გასვლას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოს ხარ. ახლა უკვე როცა გამოჩნდა გზა ტიტულისკენ, როგორ ფიქრობ რამდენი ხანი უნდა დაგჭირდეს რომ ჩემპიონის ქამარზე იბრძოლო ?

ძალიან მსურს, რომ 2020 წლის მსგავსად მიმდინარე წელსაც ასეთი დაკავებული ვიყო. სატიტულო ბრძოლამდე, რა თქმა უნდა, გარკვეული ეტაპი გასავლელია და მე ეს კარგად მაქვს გააზრებული. არ ვწყვეტ ვარჯიშს და დაუღალავად განვაგრძობ შრომას მიზნის მისაღწევად. კონკრეტულად რამდენია ხანი დამჭირდება იმისათვის, რომ ქამარზე ვიბრძოლო ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც ხედავთ რეიტინგში ძალიან ჩქარი ტემპებით მივიწევ მწვერვალისკენ. ეს ყველაფერი მოტივაციას ერთი ორად მიზრდის. ჩემი აზრით 2021 წლის ბოლომდე თუ ჩემპიონი არა, ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვიქნები.

მერაბ დვალიშვილის ბრძოლის შესახებ მინდა გკითხო – რას იტყოდი მის გამარჯვებაზე ?

ძალიან მახარებს მერაბის წარმატება და რა თქმა უნდა უაღრესად გახარებული ვარ, რომ ორივე ქართველმა დამაჯერებელი და ეფექტური გამარჯვებები მოვიპოვეთ. მერაბის ძალებში დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ მას წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და წარმატება ელის. ქართველი ხალხისთვის ეს უდიდესი სიხარულის მომტანი ამბავია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სულ ასე გამარჯვებით ვიაროთ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ზოგადად ქართული MMA აღმავლობის გზაზეა და ეს ძალიან მახარებს. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მებრძოლი გვყავს, რომლებიც დარწმუნებული ვარ სულ ცოტა ხანში თავიანთ სიტყვას იტყვიან.