საბერძნეთში აღმოჩენილი უცნაური თავის ქალა ევროპაში ადრეულ ადამიანთა გამოჩენის ამბავს თავდაყირა აყენებს
საბერძნეთში აღმოჩენილმა თავის ქალის ფრაგმენტმა ახალი, ამაღელვებელი ჰიპოთეზა წარმოშვა ევროპაში ადამიანთა პირველად გამოჩენის შესახებ. გაჩნდა გარკვეული სკეპტიციზმი იმ მეცნიერებშიც, რომლებიც იკვლევენ, როდის და რატომ გაქრა აფრიკიდან ჰომო საპიენსი.
განმარხებული თავის ქალა 1970-იან წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ საბერძნეთში, მღვიმეში აღმოაჩინეს; მას შემდეგ ის მუზეუმში ინახებოდა. მკვლევართა განცხადებით, ის ეკუთვნოდა ანატომიურად თანამედროვე მახასიათებელთა მქონე ინდივიდს, რომელიც დაახლოებით 210 000 წლის წინ ცხოვრობდა.
თუკი ეს მართლაც ასეა, საქმე გვაქვს აფრიკის გარეთ აღმოჩენილ ყველაზე ძველ ჰომო საპიენსთან. გარდა ამისა, მისი ასაკი 160 000 წლით უფრო მეტია ევროპაში აღმოჩენილ სხვა ნებისმიერი ჰომო საპიენსის ნამარხზე.
საკმაოდ წონიან ექსპერტთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა და უმალ მიიქცია სხვა მკვლევართა ყურადღება.
უთანხმოება ამ სფეროში უჩვეულო სულაც არ არის. ნამარხები როგორც წესი იშვიათია, დანაწევრებულია და ძნელია დათარიღება, ადამიანთა პრეისტორია კი დიდწილად ბურუსით არის მოცული.
ახალი კვლევა ფოკუსირებულია ორი თავის ქალის დაზიანებულ ფრაგმენტებზე; მათ აპიდიმა 1 და აპიდიმა 2 უწოდეს და აღმოაჩინეს ერთმანეთისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. ამის გამო, მეცნიერებმა თავდაპირველად იფიქრეს, რომ ისინი ერთი ასაკისა იყო.
თუმცა, ნიმუშებში არსებული ურანის რადიოაქტიური დაშლის მეთოდით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინდივიდები სხვადასხვა ეპოქას ეკუთვნის. როგორც ტესტები მიუთითებს, აპიდიმა 1 დაახლოებით 210 000 წლისაა, აპიდიმა 2 კი 170 000 წლის.
ამ თარიღებმა აბსოლუტურად შეარყია ევროპის ადრეულ ადამიანებთან დაკავშირებით სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული კონსენსუსი. სხვადასხვა მეთოდისა და მოდელის გამოყენებით, მკვლევრებმა სცადეს გაერკვიათ, როგორ გამოიყურებოდა თავის ქალები დაზიანებამდე.
აპიდიმა 2, შედარებით ახალი თავის ქალა აშკარად ჰგავს ნეანდერტალს და ზუსტად ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენი წარმოდგენით ევროპაში ამ სახეობის ადრეული ადამიანები დომინირებდნენ.
თუმცა, უფრო ძველი თავის ქალა, აპიდიმა 2 სულაც არ ჰგავს ნეანდერტალისას; ის უფრო ადრეულ ჰომო საპიენსს წააგავს.
თავის ქალისგან ბევრი არაფერია დარჩენილი — მხოლოდ უკანა ნაწილი, მაგრამ აქვს მომრგვალებული ფორმა და ადრეული თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეული სხვა მახასიათებლები.
ევროპაში ასე ადრეულ ადამიანთა არსებობა სულაც არ არის დაუჯერებელი. შარშან მკვლევართა სხვა ჯგუფმა ისრაელის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩინა მათი აზრით ჰომო საპიენსის ყბის ძვალი და კბილები, რომელიც 177 000-197 000 წლისაა.
ახალი კვლევის მიხედვით, ლევანტსა და თურქეთზე უნდა გადენილიყო ადრეულ თანამედროვე ადამიანთათვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმდინარე გზები.
თუ ეს მოსაზრება მართებულია, ავტორთა აზრით, აპიდიმა 1 არის ევრაზიაში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჰომო საპიენსი, რაც მიუთითებს, რომ ადრეულმა თანამედროვე ადამიანებმა აფრიკა იმაზე გაცილებით ადრე დატოვეს და იმაზე მეტად შორს წავიდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
აღმოჩენა ასევე მიუთითებს, რომ ადრეულ თანამედროვე ადამიანებს კონტაქტი ჰქონდათ ნეანდერტალებთან, რომლებიც 40 000 წლის წინ მას შემდეგ გადაშენდნენ, რაც დასავლეთ ევრაზიაში თანამედროვე ადამიანთა ჯგუფი გამოჩნდა.
კვლევას თან ახლავს ჩვეული გამოწვევები, რადგან ეფუძნება მხოლოდ ერთი თავის ქალის ნაწილს, რომელიც დამსხვრეული და დაზიანებულია.
ვერ მიაკვლიეს სხვა ვერაფერს, ვერც ქვის იარაღებს, ვერც სამარხებს. ახალ ჰიპოთეზას მნიშვნელოვნად გაამყარებს ამ რეგიონში მეორე ჰომო საპიენსის ნამარხის აღმოჩენა.
კვლევის წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე პალეონტოლოგი სკეპტიკურად განეწყო. სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგი რიკ პოტი აღნიშნავს, რომ ამ კვლევის შედეგი ერთჯერადია, წინათ დადასტურებული თარიღებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მცდარია.
მისი თქმით, დაზუსტებით რამის მტკიცება ძნელია და ყველაფერს სხვა ეგზემპლარების აღმოჩენა გაარკვევს.
მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.