საბერძნეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა
საბერძნეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. 157-მა დეპუტატმა ინიციატივის წინააღმდეგ მისცა ხმა, მომხრე კი 127 იყო.

უნდობლობის გამოცხადების მიზეზი მაკედონიის ხელისუფლებასთან ქვეყნის დასახელების ცვლილების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა.

კენჭისყრით უკმაყოფილო მოქალაქეები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ, თუმცა მალე მშვიდობიანი გამოსვლა პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. საპასუხოდ, პოლიციამ დასარბევად ცრემლსადენი აირი და კვამლის ყუმბარები გამოიყენა.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებას ხელს ათენი და სკოპიე დღეს მოაწერენ. შეხვედრა პრესპესის რეგიონში, საბერძნეთის, მაკედონიისა და ალბანეთის საზღვარზე შედგება. შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.

მაკედონიის უმსხვილესმა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ „მაკედონიის ეროვნული ერთობისთვის“ მოქალაქეებს საპროტესტო მსვლელობის ჩატარებისკენ მოუწოდა.

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის აღნიშნულ საკითხზე დავა 1991 წლიდან გრძელდება, მას შემდეგ, რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. უთანხმოების გამო, საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.