სააპელაციო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენზე ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენზე თბილისის სააპელაციო სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმად, სასამართლომ ძალაში დატოვა მსჯავრდებულ გ.მ.-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
უცვლელად გთავაზობთ სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი შ.თ.ს განზრახ მკვლელობის მომზადებასა დაცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანასსახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა გ.მ.-მ განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შ.თ.-ს მკვლელობა.
2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი, შ.თ.-სთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გ.მ.-მ უმოკლეს ვადაში შეიძინა შ.თ.-ს მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი დაკავებულ იქნა სამართალდამცველების მიერ, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილიმომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“. გარდა აღნიშნულისა, გ.მ.-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,WALTHER-PP“-ს მსგავსად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი – 9×18 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა (ხსენებულიპისტოლეტისთვის განკუთვნილი, 9 მმ კალიბრის 6 ცალი ვაზნა). 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისში, ბათუმის ქ.№5-ში მდებარე გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც იგიმართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. შეგახსენებთ, რომ გ.მ.-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ სცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 18,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, სისხლის სამართლის კოდექსის236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გ.მ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრებს“, – ნათქვამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.