ადვოკატი - გიორგი მამალაძე დარწმუნებულია, რომ სამართალი მალე იზეიმებს
ადვოკატი - გიორგი მამალაძე დარწმუნებულია, რომ სამართალი მალე იზეიმებს

გიორგი მამალაძე დარწმუნებულია, რომ სამართალი მალე იზეიმებს, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პირველ არხს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე დარწმუნებულია, რომ მღვდელმთავრები, რომლებმაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს, შეინარჩუნებენ პოზიციას, რომ მამალაძე უდანაშაულოა.

„მამა გიორგი დარწმუნებულია, რომ მალე იზეიმებს სამართალი. ჩვენ ამის გვჯერა”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეკითხვაზე, რა პოზიცია აქვს მსჯავრდებულს საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, რომ „შეწყალებამდე პატიმარმა დანაშაული უნდა აღიაროს და მოინანიოს”, ადვოკატის თქმით, გიორგი მამალაძე არ აპირებს აღიარებას, „რადგან დანაშაული არ ჩაუდენია“.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს მოწოდებას, რომ დეკანოზმა გაასაჯაროოს მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილი, რამიშვილის თქმით, მამალაძე ამ საკითხზე არ საუბრობს.

ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სასჯელაღსრულების #18 დაწესებულებაში რჩება.