მეუფე იაკობი - მეჩალიჩებოდნენ, რომ გვინდა, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო
მეუფე იაკობი - მეჩალიჩებოდნენ, რომ გვინდა, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

ამ საკითხზე მეუფე იაკობმა დღეს „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

„მე შემიძლია, ისეთი საბუთები მოგაწოდოთ და მსოფლიოს მივაწოდო ისეთი საბუთები, რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, რას გულისხმობდა, მეუფემ აღნიშნა, რომ „მკვლელობას თუნდაც “.

მისი თქმით, ამ საქმეში არამარტო მეუფე პეტრე იყო ჩარეული.

„არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფოდან იყვნენ ვიღაცეები ჩარეული. ზოგიერთი ბიზნესმენი იყო ჩარეული მაგ ამბავში. თუნდაც ზვიად გამსახურდიას დროს რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო ვითომ შევარდნაძესთან ბიზნესმენი, მერე წინა ხელისუფლებასთან, სააკაშვილთან და დღეს, რომ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი.

მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. იყო კვირიკაშვილი და  ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო (ვახტანგ გომელაური). კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო, ცოტა დააგვიანა და მოვიდა გახარია. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა, რომ პატრიარქი გადავაყენოთ, შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ ამას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართქო. მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას რომ არ დაევალებინა, პირდაპირ ბრძოლას ვუცხადებ იმასაც, ვინც მაგათ დაავალა.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მეუფე საბა თბილისში არ იყო, მეუფე გრიგოლი იყო, მეუფე პეტრეს შეხვდნენ გახარია და ვახო, კვირიკაშვილი არ შეხვდა. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

პირდაპირ გეტყვით, ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. 2020-შია არჩევნები, ყველას მივხედავთ მაგათ“, – განაცხადა მან.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქმა ყველაფერი იცის.

ამასთან, ის აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და სახელმწიფო ჩარეული იყო.

„შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა, რაც თქვა. მე მაშინ ვუთხარი კვირიკაშვილს ეს მესამედ. არც ფარცხალაძეს არ ვაპატიებ. ფულს მძალავენ. ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც ქორეპისკოპოსი ამბობს, ის სინოდის ავტორიტეტული წევრია და ძლიერი პოზიციები აქვს ეკლესიაში.

„პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს არავის არ ვაპატიებ, არაც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე ვიცი, არავინ ვიცი, არავის არაფერს ვაპატიებ. ისინი არ არიან ჩარეული, მაგრამ სხვა მეუფეები,ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან, იმათ პირდაპირ დავარტყამ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფის თქმით, მას ყველანაირი საბუთი აქვს და ამბობს, თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ხმებს ვერ მიიღებს.

დატოვე კომენტარი