გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებისათვის ახალი საგრანტო პროგრამა ამუშავდება
გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებისათვის ახალი საგრანტო პროგრამა ამუშავდება

2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამუშავდება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს.

ახალი პროგრამის შესახებ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელებმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გააცნეს.

საპილოტე პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარი არის გამოყოფილი. მეწარმეები 7 ათასიდან 35 ათას ლარამდე დაფინანსდებიან.

როგორც პროგრამის ავტორები აცხადებენ, ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზოს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრები.

ინიციატივა შესაბამისი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე განხორციელდება, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 6 ივნისს მხარი დაუჭირა.

გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე, თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოების და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის ბენეფიციარები შეუძლია გახდეს – აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი; აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე), აგრეთვე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

რაც შეეხება დაფინანსების მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის წესებს:

ა) 7 000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ბ) 15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

გ) 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დ) 35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას. განაცხადი შედგება აუცილებელი, შესავსები ველებისგან და თავისუფალი ტექსტის ფანჯრისგან. შერჩევის მეორე ეტაპზე კი, ხორციელდება ბიზნესგეგმების განხილვა/შეფასება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი პროექტით (ბიზნესგეგმით) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (აღჭურვილობის/მანქანა-დანადგარების) და საბრუნავი საშუალებების შესაძენად, საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით.