„აწარმოე საქართველოში“ - 2020-2023 წლებში განხორციელდა 25 საერთაშორისო პროექტი, შეიქმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი და მოვიზიდეთ მილიარდი ლარის ინვესტიცია
„აწარმოე საქართველოში“ - 2020-2023 წლებში განხორციელდა 25 საერთაშორისო პროექტი, შეიქმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი და მოვიზიდეთ მილიარდი ლარის ინვესტიცია

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ანგარიშის პრეზენტაცია კი სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

25 საერთაშორისო პროექტი, 6 000 ახალი სამუშაო ადგილი და მილიარდი ლარის ინვესტიცია – ანგარიშის თანახმად, ასე გამოიყურება 2020-2023 წლების სააგენტოს საინვესტიციო შედეგები.

„აწარმოე  საქართველოში“-ს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა 2020 წელს შემუშავებული სტრატეგია.

„მოვიზიდეთ 20 კომპანია, შევქმენით 6 000 სამუშაო ადგილი და მილიარდ ლარს მიაღწია ინვესტიციების რაოდენობამ, რომელიც კონკრეტულ სექტორებში მოვიზიდეთ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ქვეყნის საინვესტიციო სტატისტიკა, ეს სააგენტოს სამიზნე მაჩვენებელია. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში საინვესტიციო სააგენტოებს მთლიანი FDI-ის მხოლოდ 10% აქვთ, ამ მონაცემებს ჩვენი სააგენტო სრულად აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ახალ სექტორებზე ვაპირებთ მუშაობის დაწყებას და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მალე უფრო მეტი შედეგი გვექნება“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ განაცხადეს, რომ სამწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, INVEST IN GEORGIA-მ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშავა პოტენციური ინვესტორი კომპანიების სია, რომელთაგან 2 700-ზე მეტ კომპანიასთან მოხდა დაკავშირება და შედგა 300-ზე მეტი შეხვედრა.

„სტრატეგიის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტების მოძიების პროგრამაც (lead Generation). საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით, აღსანიშნავია INVEST IN GEORGIA-ს კიდევ ერთი მიმართულება – ლოკაციის კონსულტანტებთან თანამშრომლობა. სააგენტოს ხელშეწყობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 25-ზე მეტი ლოკაციის კონსულტანტი და ექსპერტი ჩამოვიდა, რომელთა დახმარებითაც, პოტენციური ინვესტორები ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებენ. ამასთან, საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, INVEST IN GEORGIA საერთაშორისო მედია კამპანიებსაც აწარმოებს. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა გლობალურ მედიასაშუალებაში, მათ შორის – Bloomberg, fDi Intelligence, Global Finance – გამოქვეყნდა 50-ზე მეტი სტატია და ანგარიში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შეიმუშავა და განახორციელა, FDI გრანტის სახელმწიფო პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებს საშუალება აქვთ, ინვესტირებული თანხის 15%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამას უკვე ჰყავს ორი ბენეფიციარი – მულტინაციონალური კომპანიები: Lineate და Girteka. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შედეგად, საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს ისეთმა მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა: Indorama, Girteka, Teleperformance, Concentrix, TEPCO და სხვები. აღსანიშნავია რომ, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სააგენტო წარმატებით უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებსაც. სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განხორციელებაში დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის: IFC, USAID, EBRD, GIZ, UNGCNG, UN WOMEN, ADA, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესსექტორი და ინვესტორი კომპანიები“, – აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“.