„აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი ბიზნესსერვისების დისტანციურად მიწოდების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია იყო. პოტენციური ინვესტორები საქართველოში ჩამოვიდნენ როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან და ინდოეთიდან.

საერთაშორისო კომპანიები საქმიანობენ როგორც IT, ასევე ბიზნესსერვისების ინდუსტრიაში. ამასთან, საქართველოში მათი ვიზიტი ემსახურება მათი ბიზნესების საქართველოში წამოწყებასაც, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და, შესაბამისად, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.

„იცით, რომ საქართველოში ოპერირებენ ძალიან მსხვილი საერთაშორისო კომპანიები. ეს არის ბიზნესპროცესების აუთსორსინგის ინდუსტრია, სადაც არის ძალიან მაღალი ხელფასები და ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი. ასეთი კომპანიებია, მაგალითად, „მეიჯორელი“, „კონცენტრიქსი“. ბევრჯერ გვისაუბრია, რომ მსოფლიოს ხუთი საუკეთესო კომპანიიდან ტოპ ორი უკვე საქართველოშია და მესამე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და მალე შემოვიყვანთ. დღეს შეხვედრა გვქონდა კიდევ 15 კომპანიასთან. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ჩამოვიყვანეთ საქართველოში. კარგია, რომ ამ კომპანიებიდან ერთი უკვე მეორეჯერ არის საქართველოში და როგორც მან ახსენა, უკვე აპირებს კომპანიის გახსნას. ეს არის სექტორი, რომელიც ეძებს ქვეყანაში უცხო ენების შესაძლებლობებს.

კომპანია „მეიჯორელი“ ოპერირებს ქუთაისსა და ბათუმში. საუბარია ახალ რეგიონებზე, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ეს სექტორი არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი დასაქმებაში, რადგან კომპანია, რომელმაც დაიწყო 100 ადამიანით, დღეს 5 000 ადამიანს ასაქმებს. ხელფასები არის 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე. აღარ ვსაუბრობ იმ დამატებით შესაძლებლობებზე, რასაც კომპანია იძლევა. ყველაზე მთავარი: თუ ამ ინდუსტრიიდან გადაწყვეტს ადამიანი, დატოვოს კომპანია, მას აქვს კლიენტთა მომსახურების უნარ-ჩვევები, რომლებიც თავისუფლად გამოადგება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში და ნებისმიერი სასტუმრო სიამოვნებით დაასაქმებს ასეთ ადამიანს მაღალ პოზიციაზე.

ნაწილი ამ 15 კომპანიიდან არის IT სფეროს წარმომადგენელი, ნაწილი ბიზნესპროცესების აუთსორსინგის. ეს სხვადასხვა რამ არის. ერთი არის კლიენტთა მომსახურება. მაგალითად, „ამაზონში“ როდესაც რეკავთ გერმანიაში რაღაც პრობლემის შესახებ, რეალურად რეკავთ ქუთაისში. ამ ტიპის კომპანიებზეა საუბარი. როდესაც IT-ზე ვსაუბრობთ, ეს სფეროც ასევე ძალიან წარმატებულია. იცით, ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება IT-ისთვის საგადასახადო შეღავათებზე, ამის შემდეგ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი IT კომპანია უკვე შემოვიდა საქართველოში.

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ ზოგადად მაკრო შესაძლებლობებს და უპირატესობებს. ეს არის გადასახადები, ბიზნესის სიმარტივე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და ყველაზე მთავარი, ეს არის ქართველი დასაქმებულების ნიჭი, უცხო ენების ცოდნა. ეს არის პირველი, რასაც ეძებენ. ასევე პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, რაც მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ დიდ დროს დახარჯავენ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ააწყონ ოფისები. ამიტომ უნდათ, რომ იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ ზუსტად ამიტომ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ მათთან, ვუგვარებთ ნებისმიერ პრობლემას თუ გამოწვევას მთავრობასთან ერთად“, – განაცხადა „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.