„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ნათელა მამულაშვილის, ნინო გოგილაშვილის, ნინო კორძაიას, ლაშა ჩანტლაძის, ქეთევან ჩანტლაძისა და გია თვალავაძის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა იმ საფრთხეების გათვალისწინებით გამოიყენა, რაც არსებობდა.

„კერძოდ, არსებობდა მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, ყველა ბრალდებულის მიმართ წარმოდგენილია მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 სექტემბერს დააკავა, ხოლო ხუთი პირი უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ბრალდებულის სახით დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.

„აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.