ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. რამდენიმე ბრალდებულს შორის არის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე, რომელიც სექტემბერში დააკავეს, თუმცა მისმა ადვოკატებმა სასამართლოსგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს. თვალავაძეს საპატიმრო ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვალეს და გირაო შეუფარდეს.

გია თვალავაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ბრალდების თანახმად, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ათეულობით აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ იყიდებოდა, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ​წინასასამართლო სხდომა გია თვალავაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართება. მისივე თქმით, დაცვის მხარეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს.

„დარწმუნებული ვართ, ისინი დაერთვება საქმეზე. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი გამოკითხვის ოქმები და დასტურდება გია თვალავაძის უდანაშაულობა. მიმაჩნია, ეს დამტკიცდება“, – განაცხადა კაკაბაძემ.

გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯამში პასუხისგებაში მისცეს 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.