რუსული მხარე იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საქართველოსგან თანხმობას ითხოვს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იაროსლავ სუმბაევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქართველოს თანხმობას ითხოვს. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, საქმე ეხება გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობას.
როგორც საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, საქართველოს თანხმობის მისაღებად რუსეთის გენერალურ პროკურატურაში შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაგზავნეს.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ საქართველოს თანხმობა უნდა მივიღოთ სუმბაევისთვის შიშკინას მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზეც. საგამოძიებო კომიტეტმა ნებართვის მისაღებად რუსეთის გენერალურ პროკურატურას აუცილებელი დოკუმენტები გაუგზავნა“, – განუცხადა რუსულ მედიას რუსეთის საგამოძიები კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა.
იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. საქართველომ იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება 2019 წლის ოქტომბერში განახორციელა. რუსეთში მას კიბერდანაშაულსა და შსს-ს გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასთან აკავშირებენ.