თბილისის საქალაქო სასამართლოში იაროსლავ სუმბაევის პროცესი გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში იაროსლავ სუმბაევის პროცესი გადაიდო

საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე იაროსლავ სუმბაევის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ გაიმართა. პროცესის ჩაშლის მიზეზი სუმბაევის ექსტრადირება გახდა.

მოსამართლის განცხადებით, საბადრაგო სამსახურს არ წარმოუდგენია ოფიციალური დოკუმენტი, თუ როდის განხორციელდა რალდებულის რუსეთში ექსტრადირება.

სუმბაევი არ არის წარმოდგენილი, მედიით მოვისმინეთ მისი ექსტრადირების შესახებ, დასრულდა თუ არა ეს პროცესი ჯერ არ ვიცით, ოფიციალურ დოკუმენტი არ გვაქვს. არც საბადრაგო სამსახურიდან მიგვიღია რამე. გავეცნობით და შემდგომ რა ფორმით ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამ საქმეზე ჩამოვყალიბდეთ“, – მიმართა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მხარეებს.

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ ინფორმაციას არც ის ფლობდა.

„წარმოვადგენ იაროსლავ სუმბაევის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარეს, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტით საზღვრის უკანონო კვეთას. რაც შეეხება სუმბაევის საექსტრადაციო პატიმრობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულ საქმეს განიხილავდა პროკურატურა. დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს მოხდებოდა მისი ექსტრადირება და ამის შესახებ გავიგე სამსახურში“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

რაც შეეხება სუმბაევის საქმის განხილვის გაგრძელების საკითხს, პროკურორმა აღნიშნა ბრალდებულის გარეშეც შესაძლებელია მოხდეს საქმეზე განაჩენის მიღება.

„10 დღეში ჩაინიშნა შემდეგი პროცესი. გაირკვევა მან უკანონოდ გადმოკვეთა თუ არა საზღვარი და მართლაც ჰქონდა თუ არა ყალბი დოკუმენტი საზღვრის გადმოკვეთის დროს. მისი მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია მოხდეს განხილვა და განაჩენის დადგომა. რუსული მხარის მიერ იყო ძებნილი აღნიშნული პირი, მიმდინარეობს იქ სისხლის სამართლებრივი დევნა და ამის გათვალისწინებით მოხდა მისი ექსტრადირება“, – აღნიშნა პროკურორმა.

ადვოკატის თქმით,  ის იაროსლავ სუმბაევის მიმართ საქსტრადიციო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სუმბაევს ბრალი არ წაუყენეს, ვიდრე საექსტრადიციო პატიმრობის ცხრათვიანი ვადა არ ამოიწურა. ბოლო დღეს წაუყენეს ბრალი და შეუფარდეს პატიმრობა. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაა. ბრალის არ წარდგენა საექსტრადიციო ცხრათვიანი ვადის ამოწურვამდე დარღვევაა, რადგან არ შეიძლება პატიმრობის ვადის გახანგრძლივების ინსტრუმენტად გამოყენებული იქნეს ბრალის წარდგენა. როგორც იურისტი ნამდვილად შოკირებული ვარ. რამდენიმე ნიუანსია, რაც ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმეში არაერთი დარღვევაა“, – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალად თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედება.

საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების შესახებ დღეს ისუტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ექსტრადირება სტრასბურგის სასამართლოს წერილის საფუძველზე განხორციელდა.