თეა წულუკიანმა სუმბაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილი გაასაჯაროვა
თეა წულუკიანმა სუმბაევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილი გაასაჯაროვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იაროსლავ ​სუმბაევის ექსტრადირებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 6 სექტემბრით დათარიღებული წერილი გაასაჯაროვა.

„დასანანია, რომ, როგორც ახლა ირკვევა, სუმბაევის ადვოკატები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის, მედიასაც. მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი, რომ სასამართლო უარს ამბობს სუმბაევის ექსტრადიციის შეჩერებაზე. ეს წერილი თარიღდება 6 სექტემბრით, გამოგზავნილია ბატონი სოსო ბარათაშვილის სახელზე და წერია, რომ ევროპული სასამართლო გაეცნო საექსტრადიციო მასალებს და სასამართლო არ თვლის, რომ სუმბაევი შეიძლება, დაექვემდებაროს რაიმე ტიპის არაადამიანურ მოპყრობას მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში. ზუსტად იგივე წერია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30 სექტემბრის ბრძანებაშიც. არ არის გამორიცხული, ამ წერილის შინაარსი ექსტრადიციის პირობებში მყოფი პატიმრისთვისაც კი არ იყო ცნობილი. რაკი ადვოკატებმა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება უნდა შეეყვანათ შეცდომაში, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პატიმარსაც არ აუხსნეს, რომ სტრასბურგში მისი საჩივარი ექსტრადიციის შეჩერების შესახებ მარცხით დასრულდა.

მინდა, მოვუწოდო ყველა ადვოკატს, ვინც საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ უცხოელს იცავს, რომ თავი შეიკავონ უსაფუძვლო აურზაურისაგან და იცოდნენ, რომ საქართველო არ არის პოტენციური დამნაშავეების თავშესაფარი, რომელი ქვეყნის მოქალაქეც − მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც − უნდა იყოს ის. საქართველო თავშესაფარი შეიძლება, იყოს მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ მედია უყურადღებოდ არ დატოვებს სტრასბურგის სასამართლოს წერილს, რომელსაც ადვოკატები მალავდნენ და ჰკითხონ მათ, რატომ იტყუებოდნენ თვე-ნახევრის განმავლობაში, რატომ მართავდნენ იუსტიციის სამინისტროს წინ აქციას და რატომ ამბობდნენ სულ ათი წუთის წინ, რომ სტრასბურგში მიმდინარეობს პროცესი, და არ თქვეს, რომ პროცესი დასრულებულია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სუმბაევის ექსტრადიცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, საექსტრადიციო ბრძანება გამოცემულია ევროპული სტანდარტების დაცვით და ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს წერილი. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სუმბაევისა და ახიადოვის შემთხვევა არ არის ადრეული წლების საქმის მსგავსი (შამაევისა და სხვა ქისტი და ჩეჩენი პირების ცნობილი საქმე), რადგან არც სუმბაევს და არც ახიადოვს რაიმე კავშირი საქართველოსთან არასოდეს ჰქონიათ. ახიადოვი საქართველოს აფარეებდა თავს მას შემდეგ, რაც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით იბრძოდა, ხოლო სუმბაევი საქართველოში საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას გამოექცა. თეა წულუკიანის თქმით, არც ერთი და არც მეორე საქართველოში არ დაბადებულა, არ ჰქონია მასთან არც ემოციური და არც სამართლებრივი კავშირი.

„ისინი არ დაბადებულან საქართველოში, არ არიან ჩვენი მოქალაქეები, ახიადოვს კი ბრალად ედებოდა სირიაში „აი-სი-სის“ სასარგებლოდ ტერორისტული საქმიანობა. საქართველო ვერ გახდება ასეთი პირების თავშესაფარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პოლიციის, იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია არის ის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცავთ ბალანსს, ერთი მხრივ, საერთაშორისო დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლასა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებებს შორის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.