რუსული მედია - შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავში ხანძრის შედეგად შესაძლოა, 41 ადამიანი იყოს დაღუპული
მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად შესაძლოა, 41 ადამიანი იყოს დაღუპული, – ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან დაშავებულები, თვითმხილველები და აეროპორტის თანამშრომლები.
კომპანია „აეროფლოტმა“ 6 მაისის ჩათვლით 17 ავიარეისი გადადო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან მხოლოდ 37 მგზავრის გადარჩენაზე ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა არ აკონკრეტებს, დანარჩენი 41 მგზავრი დაღუპულია, თუ ნაწილის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება.
თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს.
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა.
სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მომხდარის მთავარ მიზეზად მეხის დაცემა განიხილება, რის შედეგადაც თვითმფრინავის ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ავარიული დაშვების საჭიროება გამოიწვია.