რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში ხანძრის შედეგად 78-დან მხოლოდ 37 ადამიანი გადარჩა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში ხანძრის შედეგად 78-დან მხოლოდ 37 ადამიანი გადარჩა

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბორტზე მყოფი 78 ადამიანიდან მხოლოდ 37 გადარჩა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქიდან მურმანსკში ასრულებდა რეისს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს.

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა.

სააგენტო „ტასი“ წერს, რომ მომხდარის მთავარ მიზეზად მეხის დაცემა განიხილება, რის შედეგადაც თვითმფრინავის ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა, რამაც ავარიული დაშვების საჭიროება გამოიწვია.