რუსული მედია - ბრუკლინის ციხეში რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე დაჭრეს
რუსული მედია - ბრუკლინის ციხეში რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე დაჭრეს

ბრუკლინის ციხეში, Metropolitan Detention Center-ში ჩხუბის დროს რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე დაჭრეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედიას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში რაჟდენ შულაიას თარჯიმანმა განუცხადა, ჩხუბი ციხეში დაახლოებით სამი კვირის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი რაჟდენ შულაიასა და ციხეში ლათინოამერიკელების დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის, დაწესებულების ეზოში მოხდა. მას შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, შულაის დასახმარებლად კონფლიქტში კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე ჩაერთო. ​ლათინამერიკელებმა ქართველების წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ციხის ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ, ჩხუბი შეწყდა, რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე მრავალი დაზიანებით საპატიმროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ხურციძეს სახე აქვს დაზიანებული.

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ქართველები კარცერში მოათავსეს.

მედიის ცნობით, რაჟდენ შულაიას დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება აშშ-ში „რუსული მაფიის“ წინააღმდეგ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე გახმაურებული პროცესია.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.

ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე  ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს.