ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემი შვილი უდანაშაულოა და ეს ყველაფერი სპეციალურად მოუწყვეს
ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემი შვილი უდანაშაულოა და ეს ყველაფერი სპეციალურად მოუწყვეს

ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ჩხუბი, რის გამოც ავთანდილ ხურციძეს ედავებიან, სპეციალურად მოწყობილია, რათა მისთვის სასჯელი გაემკაცრებინათ.

„ეს ჩხუბი არის ჩაწყობილი და სპეციალურად მოუწყვეს ჩემს შვილს, რადგან მის წინააღმდეგ ხელმოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ და ვერანაირ ბრალს ვერ უყენებდნენ. ციხეში ჩხუბი სპეციალურად მოაწყვეს, კადრები ნახონ. მისი ბრალი არაფერი არ არის. ტიტულები ჩამოართვეს და ეს გადაწყვეტილება რომ გაემყარებინათ, ამიტომ მოუწყვეს ეს ყველაფერი“, – განუცხადა მაყვალა ხურციძემ პირველ არხს.

მისი თქმით, უკვე მოითხოვა საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტები და შემდგომ ქმედებას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ დაგეგმავს. ხირციძის დედა აშშ-ის საელჩოსთან აქციის გამართავსაც არ გამორიცხავს.

ავთანდილ ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა.